“აქ ძალიან ბევრი ქალი ოჯახებისთვის დედა-ბანკომატი, ცოლი- სპონსორია” – ქართველი ემიგრანტის წერილი ნიუ-იორკიდან

 

ბელა მაღლაფერიძე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია. საქართველოში წარმატებული კარიერის შემდეგ გზამ ოკეანის მიღმა, ემიგრაციაში წაიყვანა, სადაც ყველაფერი ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო… ბელა საკუთარ ქართულ და ამერიკულ ცხოვრებასა და გამოცდილებაზე Women Of Georgia-ს ესაუბრა. 

„ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს ერთი ასეთი მანტრა გვაქვს: შემოდგამ თუ არა ფეხს JFK-ის აეროპორტში, უნდა განულდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაივიწყო შენი წარსული და თავიდან დაიწყო ცხოვრება. მე არ გამინულებია ჩემი წარსული, არ დამვიწყებია ჩემი მიზნები.

თუ რამე გავანულე ამერიკაში ჩამოსვლისას, მხოლოდ ის ამბიციები იყო, რომელსაც მხოლოდ ხელის შეშლა შეეძლო მიზნის მიღწევაში.

საქართველოში ცხოვრებისას ჩემი ასაკისთვის საკმაოდ წარმატებული კარიერი მქონდა. წლების განმავლობაში ფინანსურ სექტორში მაღალ პოზიციებზე ვმუშაობდი. 2019 წელს ჩემი კულინარიული ჰობი ბიზნესად მინდოდა მექცია და საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად, ნატახტარში, ტურისტულ მარშრუტზე ქართული პასტერიის საცხობი „საცხობელა“ ავამუშავე. თუმცა, როგორც ყველა ბიზნესს, ძალიან გამიჭირდა ნულოვანი მოგების წერტილზე გასვლა დასაწყისში, ამიტომ საცხობის სუბსიდირებას ჩემი ძირითადი ხელფასის ხარჯზე ვახდენდი. საფინანსო სექტორში საკანონმდებლო ცვლილებებს ჩემი სამსახური შეეწირა, რამაც რეალურად ფინანსურ კრიზისამდე მიმიყვანა და ეს იყო მიზეზი, ახალი შესაძლებლობები მეპოვა. ოჯახში ყოველთვის მე ვიყავი შემომტანი, მე ყოველთვის უფრო მეტი ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა მქონდა, ამიტომ კრიზისის დაძლევის გეგმაც მე უნდა შემემუშავებინა. მე უნდა ვყოფილიყავი ადამიანი, რომელიც ოჯახის გადასარჩენად ამერიკაში შრომით მიგრაციაში უნდა წავსულიყავი.

თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს არ იქნებოდა მოკლევადიანი წასვლა. ისიც ვიცოდი, რომ აქ ჩემი კარიერის გასაგრძელებლად არ მოვდიოდი. თუმცა არასდროს მიმაჩნდა სათაკილოდ მუშაობა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის არაა მისაღები ის სამუშაო, რასაც ვასრულებ, ვთვლი, რომ მოგებულ პოზიციაში ვარ. იმიტომ რომ სახლის დალაგებასა და სადილის მომზადებაში, რაც ქალის დამატებითი უფასო შრომაა ყოველთვის, აქ საკმაოდ ღირსეულ ანაზღაურებას ვიღებ. მთავარია პოზიტიურად შეხედო რაღაცეებს და იმედით. ჩემი პოზიტივი იმაში ვიპოვე, რომ დროის ფასი ვისწავლე, როგორც საკუთარი ისე, სხვისი. ასევე გავიაზრე სხვანაირი დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის ხარისხი, ადრე თუ გადაწყვეტილებას კოლექტიურად, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ვიღებდი, ახლა ამის გაკეთება მარტო მიწევს. რასაც ვაკეთებ, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი და ჩემი შვილების უკეთესი მომავლისთვისაა. თავიდან აქ რომ ჩამოვედი, ბარში ვმუშაობდი. ერთ ჩემს ამერიკელ მეგობარს გავუმხილე, რომ საქართველოში მე თავად მქონდა კვების ობიექტი და ახლა კი სხვის ბარში მომსახურე პერსონალად ვმუშაობდი. იცი რა მიპასუხა და ეს სიტყვები სულ მახსენდება, როცა ემოციურად გამიჭირდება: თუ სხვისი რესტორანი არ დაგილაგებია, ვერასდროს შეძლებ შენ თავად გქონდეს წარმატებული რესტორანიო. მეთაკილება კი არა, მეამაყება ,რომ ოჯახისა და მეგობრების მონატრების დაძლევის, სოციალური სტატუსის დათმობის ხარჯზე, ახალი, რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრების დაწყება შევძელი.

კოვიდ 19 და ქართველი ემიგრანტები
———————————————————
ისე გამოვიდა, რომ ნიუ-იორკის ლოქდაუნთან ერთად მუშაობაც შევწყვიტე. თავიდან ცოტა დაუცველობის განცდა მქონდა, მაგრამ მალევე ფოსტით ჩემი დამსაქმებლისგან ჩეკები მივიღე. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დროებით არ ვმუშაობდი, გაითვალისწინეს ჩემი მდგომარეობა და ხელფასის გადახდა გამიგრძელეს. გამიმართლა, ხელოვანების ოჯახში სამზარეულოში დამხმარედ ვმუშაობ და ქართულ სამზარეულოს ისე აუღეს ალღო, კვირაში 2 დღე ქართული კერძების დღედ გამოაცხადეს.

ქართული კომუნა განსაკუთრებული სოლიდარობით გამოირჩევა. პანდემიის დროს ბევრმა ქართველმა დაკარგა სამუშაო. თუმცა ისინი, ვინც მუშაობენ უხელფასოდ დარჩენილებს ეხმარებიან: ხშირად ხვდებათ-ხოლმე მათ კართან საკვები ან კონვერტით ფული, ბინის ქირის გადახდაშიც ეხმარებიან ერთმანეთს. აქ ყველა კოლექტიურად ვცხოვრობთ და ერთმანეთს გატანაში ვეხმარებით.

ამერიკის მთავრობას საკმაოდ სამართლიანი სოციალური სერვისები აქვს. მიუხედავად ლეგალური სტატუსისა, ყველას შეუძლია მიიღოს სამედიცინო სერვისი. ჩვენთან ყოველი მეორე ბლოკის შემდეგ სამედიცინო პუნქტებია და ვირუსის პირველი ნიშნების დაფიქსირებისას ამ პუნქტებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ყველას. ლოქდაუნიდან მე-16 დღეს 37-მდე ამიწია სიცხემ. თუმცა მხოლოდ ანტიბიოტიკები დამინიშნეს და არ ჩათვალეს საჭიროდ კოვიდზე ტესტის გაკეთება. აქ ახლა ძალიან მარტივია ტესტის გაკეთება: რამდენიმე სიმპტომის აღმოჩენისას, მანქანით შეიძლება მისვლა კონკრეტულ მისამართებზე და მანქანიდან გადმოუსვლელად გიკეთებენ ტესტს ანტიგენზე, რომელიც ცხადია, ფასიანია და ღირებულება 200$-ის ფარგლებში მერყეობს.

ძირითადად სულ სახლში ვარ. მხოლოდ საკვები პროდუქტების საყიდლად გავდივარ. სახლში ყოფნამ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში გამიღვიძა, არ ვიყო გამოუსადეგარი სხვებისთვის. წარმოიდგინე, ცხოვრობ სხვის მიწაზე, სხვის სახლში, ერთ ოთახში და არაფერს აკეთებ. თავი ყოველთვის მინდა ვიგრძნო საჭირო ადამიანად. ამიტომ, ფეისბუქზე დავიწყე ლაივების გაკეთება: მინდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო ხალხს. აი, წინა კვირას თემა მქონდა მწვანე ბარათთან დაკავშირებით.

პანდემიის დროს ქართველების თემმა ერთმანეთის დახმარების სოლიდარობის ჯგუფები გააკეთეს. ჩვენ გვაქვს ფეისბუქ ჯგუფი „ჩვენ ამერიკაში“, რომლის ფარგლებშიც დავაორგანიზეთ თანხის შეკრება და პირბადეები, სანიტაიზერები და ვიტამინები (რადგან წამალი არ არსებობს) დავარიგეთ იმ კლინიკებში, სადაც ქართველი ექიმები და პაციენტები არიან.

მუდმივად ვფიქრობ, თუ რა მჭირდება ამ სიტუაციის დასაძლევად. ჩემი შვილების ჩახუტება მირჩევნია ყველაფერს, მაგრამ ხომ ვერ ჩავეხუტები? ახლა ყველაზე მეტად მჭირდება ვიყო საჭირო ადამიანი სხვებისთვის.

ქალები საქართველოდან ამერიკულ ემიგრაციაში
———————————————————————

ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალია, რომელიც ქმრის ძალადობას გამოექცა და ეს ქალები დღეს არიან სხვანაირად ძლიერი ადამიანები. იმდენად მძიმე ისტორიები აქვს ზოგს, რთული მოსასმენია. ერთ ქალს ქმარმა აიძულა წასულიყო ემიგრაციაში და ფინანსური ვალდებულებები აეღო ოჯახის სარჩენად. 5 წელი შრომაში გაატარა და უწყვეტად აგზავნიდა ფულს. 5 წლის მერე თითქოს გაუნათდა გონება. ერთ დღეს სამუშაოდან რომ გამოვედი, ფრჩხილებს დავხედე და საკუთარი თავი შემეცოდაო. მივხვდი, რომ ცხოვრებამ გვერდით ჩამიარა და საკუთარი საიმოვნებისთვის არც ერთი დღე არ მიცხოვრიაო. სხვათა შორის ამ ქალმა მალევე შეიცვალა სამსახური, უფრო დაბალანაზღაურებადზე გადავიდა, რომ მეტი დრო ქონოდა საკუთარი თავისთვის. ქმრისგან ონლაინ მიიღო განქორწინება და ახლა ამბობს, არაფერს ვაკლებ საკუთარ თავს, რომ ეს დაკარგული 5 წელი ავინაზღაუროო.

ერთხელ მახსოვს, ნიუ-იორკის ქუჩაში მოვსეირნობდი და თან დედაჩემს ვესაუბრებოდი მესენჯერით. არმანის მაღაზიას ჩავუარე, კაბა მომეწონა და ფასს რომ დავხედე, ცივად გამოვბრუნდი. ამ დროს დედაჩემმა სრულიად მოულოდნელად მთხოვა, მივბრუნებულიყავი მაღაზიაში და ჩემი ნაშრომი ფულის ნაცვლად საქართველოში გაგზავნისა, ამ კაბის საყიდლად დამეხარჯა, იმიტომ რომ ამას ვიმსახურებდი. ეს იყო ყველაზე დიდი მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მიგრანტ ქალებს ასე აკლიათ ოჯახებიდან და ამ თანადგომისთვის ახლა მინდა დედაჩემს მადლობა გადავუხადო.

აქ ძალიან ბევრი ქალი ოჯახებისთვის დედა-ბანკომატი, ცოლი- სპონსორია და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ქალს შეუძლია მარტივი ოცნებები აისრულონ: იმოგზაურონ, ლამაზი კაბები იყიდონ, სილამაზის სალონებს მიაშურონ, ამის უფლებას თავს ვერ აძლევენ და ეს იმ წნეხის ბრალიცაა, რაც მათ ოჯახებიდან აქვთ. „რა დროს საკუთარ თავზე ზრუნვაა, სამუშაოდ ხარ წასული და ფული უნდა გამოაგზავნო“ – ესაა ის კრიტიკა, რაც ქალებს საკუთარ თავს ავიწყებს და რობოტებად აქცევს. ამიტომ ასეთი ქალებისთვის ხშირად ცხოვრება მათ მიღმა მიედინება, წლები გადის და ერთ დღესაც აღმოაჩენენ, რომ თურმე საუკეთესო ცხოვრების ნაწილი ქანცგაწყვეტამდე შრომაში გაატარეს, სასიამოვნო მეხსიერების ბარათები კი ცარიელი აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოსპორტია ჩემი ჰობი და საქართველოში ცხოვრებისას ბევრ შეჯიბრში მიმიღია მონაწილეობა, ამ სპორტით სიამოვნების მიღებისგან სიძვირის გამო თავს ვიკავებ. თუმცა მოგზაურობაა ის, რაზეც ჩემს თავს უარს ვერ ვეუბნები. სხვათა შორის, როცა მოგზაურობა დავგეგმე, რიდი მქონდა და ფეისბუქზე ვერ ვპოსტავდი, ზუსტად ამ კრიტიკის გამო. მაგრამ ისევ ვიმეორეობ, რომ ოჯახის მხარდაჭერა და თანადგომა ემიგრაციაში წასული ქალებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. და თუ გყავთ ასეთი ქალები, არასდროს დაიშუროთ მათთვის ასეთი მხარდაჭერის სიტყვები.

არის ხოლმე დრო, რომ სევდიანი დღეები მითენდება და ამ სევდის გაზიარებას საქართველოში მეგობრებთან თავს ვარიდებ. აქ თუ სევდიანად გავთენდი, იქ არ მინდა სხვებს სევდიანად დავუღამო. სენტიმენტების დრო არ არის. დამოუკიდებლად იბრძვი, მაგრამ ზუსტად იცი, რომ ეს შენს პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს. აქ ყველას ჩვენი ამერიკა გვაქვს, მაგრამ რამდენიმე წესი მაინც საერთოა: წესი 1: წარსულზე არ იფიქრო. წესი 2: პრობლემას შეხედე როგორც გაკვეთილს, რომელიც გაგაძლიერებს. წესი 3: მარტოობას და დამოუკიდებლობას შორის განსხვავება ისწავლე. მიიღე შენი პრობლემა და გაიზარდეთ ერთად. ახლა თუ ყავარჯნები გჭირდება, ხვალ გაძლიერდები და შენ გახდები სხვისი მეგზური”

 

წყარო: ქალები საქართველოდან 

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტოგრაფი: ნინა ბაიდაური