საბერძნეთი ქვეყანაში არალეგალურად მყოფ იმ პირებს, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება პანდემიის დროს არსებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს, ჯარიმას არ დააკისრებს. ასეთმა პირებმა ქვეყანა შეზღუდვების მოხსნიდან 30 დღის ვადაში უნდა დატოვონ – ასეთია საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი საქართველოს საელჩოს მიმართვაზე.
“მესამე ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც, ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ვერ შეძლებენ საბერძნეთის ტერიტორიის დროულად დატოვებას, შეზღუდვების მოხსნიდან 30 დღის განმავლობაში უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში. საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ მოხდება ჯარიმების დაკისრება, თუკი ისინი წარადგენენ ან ოფიციალურ დოკუმენტს, რომ COVID-19 პანდემიის გამო, კონკრეტულ პერიოდში შეუძლებელი იყო მოგზაურობა და სამშობლოში დაბრუნება, ან გაუქმებული ფრენის ბილეთს/ჯავშანს” – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში.