საბიბლიოთეკო გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაციამ (IFLA) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკებისთვის სამაგალითო და წარმატებული უწოდა. ორგანიზაციის ანგარიშის ამ ნაწილში საქართველო პირველად მოხვდა.
IFLA-ს ახალ მოხსენებაში, რომელიც საქართველოს, ჩილეს, ხორვატიისა და მადაგასკარის გამოცდილებას გვიზიარებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გამოირჩევა სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებით. ბიბლიოთეკაში, ამერიკელ პარტნიორთა მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ამერიკული სამკითხველო დარბაზის განახლება და ინგლისური ენის სწავლებისა და სხვა სიახლეების დანერგვა. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ამერიკის საელჩო, არამედ გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებიც აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, რომლის სექციები მკითხველებს ამ ქვეყნების რესურსებით ემსახურება. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა დიდი ბრიტანეთის საელჩომაც, რომელიც ამერიკის საელჩოსთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკას ადგილობრივი და რეგიონული ბიბლიოთეკების განახლებაში ეხმარება. კიდევ ერთხელ მოვიყვანთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დადებით მაგალითს, რომელმაც იტალიის საელჩოსთან ერთად, ახალი კოლექციები მოიზიდა უცხოეთის იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც რემონტის გამო მკითხველებს ვერ იღებდნენ.
ასეთმა თანამშრომლობამ ბიბლიოთეკების უცხოეთში საქმიანობის გაფართოების საშუალებაც მოგვცა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 50-ზე მეტი ქართული წიგნის კუთხე გახსნა მსოფლიოში, რითაც ქართველი და ქართული წარმომავლობის მწერლები წარმოადგინა, ასევე ურთიერთობები გააძლიერა. ამ ბიბლიოთეკას რესურსებითა და წიგნებით, გამოფენებითა და პროგრამებით იაპონია, თურქეთი და ჩინეთიც ამდიდრებს. საბიბლიოთეკო გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაცია დიდ მადლობას მოახსენებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელს მაია სიმონიშვილს დეტალურად მიწოდებული ინფორმაციისთვის და თანამშრომლობისთვის.“ – ნათქვამია მოხსენებაში.