დასრულდა მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO 2020).
„EGMO 2020“ წელს, მსოფლიო პანდემიის გამო, ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა. ოლიმპიადაში ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
წელს მასში 52 ქვეყნის, 204 საუკეთესო მოსწავლე იყო ჩართული. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრები, რომელიც კომაროვის სკოლის მოსწავლე ოთხი გოგონასგან შედგებოდა.
ჩვენი გოგონებისთვის ოლიმპიადა წარმატებული აღმოჩნდა. წელს პირველად, ნაკრების ოთხივე წევრმა მედალი მოიპოვა: ანა ონოფრიშვილი – ოქროს მედალი; თამარ კორკოტაშვილი – ვერცხლის მედალი; მარიამ ივარდავა – ბრინჯაოს მედალი; მარია ცხვედიანი – ბრინჯაოს მედალი.
გუნდურ ჩათვლაში, ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთთან ერთად IX-X ადგილი გაიყო, რაც მონაწილე ქვეყნების რაოდენობიდან გამომდინარე, კარგი მაჩვენებელია.
სასიხარულოა, რომ ოლიმპიადის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 2021 წელს მე-10 ოლიმპიადა ქალაქ ქუთაისში გაიმართება.