“დედამიწას სიყვარული ატრიალებსო” – თქვა წლების წინ და ამ ფრაზასთან ერთად დიდი ადგილი დაიმკვიდრა არა მარტო ლიტერატურაში, არამედ ლიტერატურის მოყვარული თითოეული ადამიანის ცნობიერებაში. თუკი ვსაუბრობთ, ჩვენს თანადროულ ადამიანებზე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ლიტერატურის განვითარებაში და თქვეს საკუთარი, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სიტყვა, მაშინ ეს სია გურამ დოჩანაშვილით უნდა დაიწყოს.
…და თუ ყველა ვთანხმდებით, რომ „დაწოლიდან დაძინებამდე არსებობს რაღაც გარდამავალი წუთი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით“ (გ. დოჩანაშვილი), ვიცით ისიც, რომ ამ სიტყვების ავტორს, კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარს, განსაკუთრებულად უნდა ვაფასებდეთ…
თუმცა, ერთია, რამდენად ვაფასებთ და მეორე – რამდენად გამოვხატავთ. ზუსტად 1 თვის წინ, 26 მარტს მწერალი 81 წლის გახდა – იუბილემ ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ჩაიარა.
25 აპრილი მშობლიური ენისა და ლიტერატურის დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება კომპანია „მეტი დეველოპმენტმა“, დაეარსებინა „მეტი დეველოპმენტის ქართული ლიტერატურის პრემია“ , რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ მათ, ვისაც განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ლიტერატურის განვითარებაში, ვის ნაწარმოებებზეც თაობები გაიზარდნენ.
პრემიის პირველი და საპატიო ლაურეატი სწორედ გურამ დოჩანაშვილი გახდა.
„მსგავსი პრემიის დაარსების იდეა ოჯახში გაგვიჩნდა, ვიფიქრეთ, რომ როგორღაც უნდა გამოგვეხატა მადლიერება ასეთი ადამიანების მიმართ. მათ მიმართ, ვინც არამხოლოდ ლიტერატურაში, არამედ თაობების სულიერ განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს. „სამოსელი პირველი“ ხომ გახსოვთ, რა შეიძლება იყოს ამაზე ბიბლიური, მეტად შთამაგონებელი და მეტად ახლო ქრისტიანულ მოტივებთან – იგი მთლიანად სიყვარულს ქადაგებს“ – ამბობს ქართულ კვირასთან საუბარში „მეტი დეველოპმენტისა“ და პრემიის დამფუძნებელი, პაპუნა ხაზალია.
მართლაც, მწერლის შემოქმედების ქვაკუთხედი ბიბლიური თემებია – მან უძღები შვილის, დომენიკოს მამისაგან წასვლა და უკან დაბრუნება რომანის მთავარ ამბად აქცია (“სამოსელი პირველი”). მეორე კი “ბრმად ყოფილი და…“ უნდა იყოს – ამ რომანში გადააზრებულია სახარებისეული მოტივი ბრმად ყოფილზე, რომელსაც თვალი აეხილა. კითხვაზე, რატომ იყო ეს კაცი ასე დაჩაგრული, ვისი ბრალია, ისმის პასუხი, რომ მისი სიბრმავე პირდაპირ იყო დაკავშირებული სასწაულთან, რომელიც აუცილებლად მოხდებოდა და უფლის ძლიერებას დაამტკიცებდა. როგორც ამბობენ, რომანის ინსპირაცია დავით ფაილოძე იყო. ადამიანი, რომელმაც 9 აპრილის ღამეს თვალი დაკარგა.
„იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება“ – ეს ფრაზა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდანაა – „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“. ალბათ, არაა გასაკვირი, რატომ მოიხსენიებენ მის ავტორის სიყვარულის მწერლად.
სიყვარულის მწერალ გურამ დოჩანაშვილს კომპანია “მეტი დეველომპენტი” ერთწლიან ხელფასს დაუნიშნავს – ყოველთვიურ პრემიას 500 ლარის ოდენობით. როგორც კომპანიაში ამბობენ, აქციას პერმამენტული ხასიათი ექნება და პრემიას ყოველწლიურად ხალხისა და მეტი დეველოპმენტის რჩეული, განსაკუთრებული და გამორჩეული ქართველი ლიტერატორი მიიღებს.
კორიფეების გვერდით, ახალგაზრდები რომ არ დაიჩაგრონ, კომპანია ქართული ლიტერატურის ერთგულ მკითხველსაც საინტერესო აქციას სთავაზობს – ფეისბუქ გვერდზე პრემიის შესახებ გავრცელებული განცხადების ქვეშ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება დაწეროს საკუთარი საყვარელი ფრაზა გენიალური მწერლის შემოქმედებიდან, პირველი 30 კომენტარის ავტორი კი მეტი დეველოპმენტისაგან საჩუქრად გურამ დოჩანაშვილის წიგნს მიიღებს. გამარჯვებულებს საჩუქარს შინ მიუტანენ.
„ესაა ჩვენი მცდელობა, არა მხოლოდ მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ ქართული ლიტერატურის კორიფეების მიმართ, არამედ წავახალისოთ ახალგაზრდები, იკითხონ ბევრი და მით უფრო, იკითხონ ქართული ლიტერატურა. მართლაც დიდი პატივია, ვიყოთ გურამ დოჩანაშვილის თანამდროვენი. ადამიანის, რომელიც ერთდროულად და ერთნაირად ახლოა ღმერთთან და ადამიანთან, მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, ამ პრემიით გვეთქვა მისთვის უდიდესი მადლობა“ – ამბობს პაპუნა ხაზალია.
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრემია ლეგენდარულ მწერალს, 25 აპრილს, მშობლიური ენისა და ლიტერატურის დღეს გადაეცემა.
ეს იქნება მეტი დეველოპმენტის მიერ ნათქვამი მადლობა „კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს“ და ალბათ ამ უკანასკნელზე მეტად უყვარს ადამიანი.