პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამერიკაში, ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად, კრიზის ცენტრი რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. კრიზის ცენტრები „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის“ პროექტია და ის უკვე ფუნქციონირებს იტალიაში,ესპანეთსა და საფრანგეთში. მუშაობა მიმდინარეობს სხვა ქვეყნებში კრიზის ცენტრის შექმნაზე.
აღნიშნული ცენტრები მხარში უდგანან ქართველ ემიგრანტებს, ეხმარებიან მათ როგორც კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებების მიღებაში, პანდემიით გამოწვეული სხვადასხვა ყოფითი პრობლემის გადაჭრაში. დღითი დღე იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სხვადასხვა გზით ჩაერთონ ცენტრების საქმიანობაში, ისევე როგორც რიცხვი მათ მიერ გადარჩენილი ადამიანებისა.
სწორედ ამის შესახებ ყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მანანა კაჭახიძე:
“აქამდე ვიფიქრე, არ დავწერ ჯერ კარგად გამოჯანმრთელდესთქო… რადგან გუშინ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გამოეწერა კლინიკიდან და თავს კარგად გრძნობს, მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ საქმეში… ქალბატონი მანანა ფურცხვანიძე, ნინო ჩეხოშვილი, ეკატერინე იაშვილი, ქეთი შავლიაშვილი, ინა ასამბაძე, ნიკოლოზ ჩხეიძე და მთლიანად “კრიზის ცენტრი ამერიკა”
მოკლედ ეს ნუგზარის ეხება, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ივლისის თვიდან ნიუ-იორკში ვცხოვრობთ… რამოდენიმე კვირის წინ მან ფარინგიტით (ყელის ტკივლით) მიმართა ოჯახის ექიმს და მხოლოდ სავლები სითხეები დაუნიშნეს. ამის შემდეგ მას დაეწყო დაბალი ტემპერატურები 37,5 C; საერთო სისუსტე, რასაც თან დაერთო გემოს გაუარესება და ჭამის მადის დაკარგვა;
თავდაპირველად ქუთაისის პროფესორ ინფექციონისტთან შედგა სატელეფონო კონსულტაცია და მოგვეცა დანიშნულება- ამისათვის ქალბატონ დარეჯან ხაჭაპურიძეს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, თუმცა ყველა პრეპარატის სრულად შეძენა ვერ მოხერხდა, რეცეპტის ინგლისურ ენაზე არ ქონის გამო… მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა (ანტიბიოტიკოთერაპია აზიტრომიცინით), ტემპერატურული რეაქცია გრძელდებოდა და კიდევ უფრო იმატებდა, ამიტომ მივმართეთ რამოდენიმე საავადმყოფოს და ასევე საჭირო გახდა რამოდენიმეჯერ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება, სადაც სატურაციის ანუ ჟანგბადით გაჯერების ნორმის ფარგლები არსებობის გამო და კიდევ რამოდენიმე სიმპტომის გათვალისწინებით მდგომარეობა ფასდებოდა მსუბუქად და არ საჭიროებდა ტესტირებას ვირუსზე და ჰოსპიტალიზაციას.
მინდა აღვნიშნო, რომ რადგან ტემპერატურული რეაქცია მე-9 დღე გრძელდებოდა და არანაირი გაუმჯობესება არ აღინიშნებოდა, დავუკავშირდით კრიზის ცენტრს, რომელთა მოძიება მოხერხდა სოციალურ ქსელში, მათი დიდი ძალისხმევით მოხერხდა თავდაპირველად ბინაზე გასინჯვა და შემდეგ პნევმონიის დიაგნოზით გადაყვანა პელსილვანიაში ერთ-ერთ Doylestow, სადაც მას ჩაუტარდა სრული კლინიკოლაბორატორიული კვლევა და მკურნალობა და აღმოჩნდა, რომ მას უკვე გადატანილი ჰქონდა კორონა ვირუსი. კრიზისის ცენტრი ამ პერიოდში ,სანამ მარტო ვიმყოფებოდი მეხმარებოდა, როგორც მედიკამენტებით ასევე საკვები პროდუქტებით
მადლობა მათ მინდა არაერთხელ გადავუხადო და ვუთხრა, რომ ისინი არიან გმირები, რადგან ისინი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ძალიან დიდი საფრთხის მიუხედავად, დგანან ყოველი ქართველის გვერდით და მათ გაჭირვებაში მყოფთ უანგაროდ ეხმარებიან,”- მანანა კაჭახიძე.