მარიამ ქეშიკაშვილი მოხალისეა, გაცვლითი პროგრამით იმყოფება პოლონეთში და ბავშვებს ინგლისურს ასწავლის სკოლაში. „ქართული კვირა“ დაუკავშირდა მარიამს და ის გვიამბობს რა ხდება და რა მდგომარეობაა დღეს იქ.
– მე კრაკოვში უკვე 6 თვეა ვიმყოფები. ზოგადად, პოლონეთში და აქ, კრაკოვში ახლა სიმშვიდეა. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებთ არც იმდენი დაინფიცირებულია და გარდაცვალების შემთხვევებიც არ არის ბევრი. შედარებით გვიან დაიკეტა ბაღები, სკოლები… მხოლოდ აფთიაქები და სუპერმარკეტებია ღია.
– საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს?
– დიახ, ჩვეულებრივად მოძრაობს, უბრალოდ უნდა გაითვალისწინო რეკომენდაციები.
– ხალხი ჩვეულებრივად დადის გარეთ?
– არა, მაგალითად, მე სადაც ვმუშაობ იმ ორგანიზაციაში რეკომენდაციები მოგვცეს, რომ თუ აუცილებლობა არ იქნება არ გავიდეთ გარეთ. ასეა ყველა. გარეთ დიდი რაოდენობით პოლიციის წარმომადგენელია, რომელიც ყველას ამოწმებს, თხოვს პირადობას და თუ ძალიან შორს ხარ შენი საცხოვრებელი სახლიდან, უკვე პრობლემა იქმნება.
– როგორც ვხვდები ხალხში პანიკა არ არის…
– რაც ეს ამბავი დაიწყო სულ ვათვალიერებ სოციალურ ქსელს და ვუყურებ, რომ ყველგან პროდუქტებს იმარაგებენ… აქ მსგავსი რამ არ მომხდარა, ძალიან სიმშვიდეა. დეფიციტი არაფრის არის, მაღაზიები არის სავსე. ყველაფერს მშვიდად უყურებენ. ქუჩაში ხალხი პირბადით არ მოძრაობს, მაგრამ მაღაზიაში, ან აფთიაქში შესვლისას უფასოდ დევს ხელთათმანები, რომელსაც აუცილებლად იკეთებ და მერე შედიხარ.
– ალბათ, საავადმყოფოები მობილიზებულია?
– რა თქმა უნდა. მაგრამ გვეუბნებიან, რომ თუ ახალგაზრდა ხარ და არ გექნება ვირუსის მძიმე ფორმა საავადმყოფოში არ გადაგიყვანენ. როგორც გითხარით, ჯერ ბევრი დაინფიცირებული არ არის, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ზოგადად ქვეყანას არ აქვს დიდი რესურსი ტესტირება რომ გაუკეთოს ყველას და შეიძლება უფრო მეტი ადამიანიც არის ავად, ვიდრე ჩანსო… ჯერ კიდევ წინ გველის რთული პერიოდი.
– მარიამ, ამ ბოლო დროს ბევრი ქართველი წავიდა პოლონეთში სამუშაოდ. ხვდები მათ?
– მე აქ გაცვლითი პროგრამით წამოვედი და ჩემთან ერთად კიდევ ერთი ქართველი ბიჭია. სხვას ვერავის ვხვდები.
– მარიამ, ხალხი ემორჩილება კანონს, თუ ბევრია დამრღვევი?
– ძირითადი ნაწილი ემორჩილება. ჩვენც რომ გავდივართ გარეთ ორი ადამიანი ერთად, დისტანციას ვიცავთ 2 მეტრს. როგორც გითხარით, პოლიცია აკონტროლებს ამას. დამრღვევებს აჯარიმებენ.
– რამდენია ჯარიმა?
– 5000 – 30000 ზლოტი, ეს, დაახლოებით 4000 – 20000 ლარია.