დღეს, ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით იმ ადამიანებს სჭირდებათ, ვინც ემიგრაციაშია და მარტო აღმოჩნდა პანდემიის დროს. „ქართული კვირა“ ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ქალაქში დაუკავშირდეს მათ და გაიგოს როგორ არიან ისინი. ამჯერად ჩვენი რესპოდენტია კახა ცინცაძე, რომელიც იტალიაში იმყოფება.
– კახა, რომელ ქალაქში ხართ?
– მე ემპოლში ვარ.
– ბევრი ქართველია თქვენს ქალაქში?
– კი, საკმაოდ ბევრი ქართველია.
– და როგორ არიან?
– მე ვისაც ვეკონტაქტები ყველა კარგადაა, ჯანზე და ჯანმრთელად.
– ქალაქში როგორი სიტუაციაა?
– თვითიზოლაციაშია მთელი ქალაქი, თუ რამე არ სჭირდებათ გარეთ არავინ გადის, სიწყნარეა.
– ამბობენ ქართველები ქუჩაში ათევენ ღამეს და საკვები არ აქვთო, მართლა ასეა, თუ ჭორია?
– არა, მასე არაა. როგორც იცით აქ ბევრი ქართველია და ძალიან მობილიზებულები არიან, მათ შორის, ვისაც საბუთები უფრო მოწესრიგებული აქვს, ძალიან ეხმარება სხვებს. გარდა ამისა, ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, აქ ეკლესია არ დაგტოვებს მშიერს. ყველას ეხმარება.
– ბევრი მათგანი დარჩა უმუშევარი?
– იცით როგორ არის? ვისაც ხელშეკრულებები ჰქონდათ, ან სადღეღამისო სამუშაო, ყველა ისევ მუშაობს, ხოლო ვინც დალაგებაზე, ან ისეთ სამსახურში იყო, სადაც გარეთ უწევდათ გამოსვლა, ზოგიერთი მათგანი დაითხოვეს სანამ კარანტინი არ დამთავრდება და ვერც გაამტყუნებ, ეშინიათ, რომ რამე არ შეიტანო სახლში.
– თქვენს ქალაქში რა სიტუაციაა?
– ჩვენ ეპიცენტრში არ ვართ, არ გვყავს ბევრი დაინფიცირებული, მაგრამ მაინც ძალიან სიმკაცრეა. გარეთ როცა გადიხარ უნდა დაასაბუთო აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ ჯარიმას დაგიწერენ. ჩვენ მივესალმებით ამას, იმიტომ რომ უფრო დაცულები ვართ.
– მაღაზიაში პროდუქტები არის?
– პირველად, როცა ეპიდემია დაიწყო, დიდი პანიკა იყო, გრძელი რიგები მაღაზიებში, დახლები დაიცალა, მაგრამ დილით ისევ სავსე იყო. მომარაგება უმაღლეს დონეზეა. მაგრამ არ იშოვება ნიღბები, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები… თუმცა, მერე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა პირბადეები ქუჩებში დაგვირიგეს.
– კახა, თუ იცით, ბევრია ისეთი, ვისაც სამშობლოში უნდა დაბრუნება და ვერ ბრუნდება?
– აქ არა. თავიდან რამდენიმეს უნდოდა წამოსვლა, მაგრამ რომ დაფიქრდნენ მიხვდნენ, რომ გზაში გადაადგილება უფრო საშიში იქნებოდა. აქედან რომში უნდა წასულიყვნენ, მერე რომიდან თვითმფრინავი, არავინ იცის გზაში რა დაგემართება და სახლში რას შეიტან. ამიტომ, ბევრმა გადაიფიქრა. მითუმეტეს ახლა, აქ ცოტა უკეთესობისკენ წავედით. ვფიქრობთ, რომ აღდგომამდე ყველაფერი გაივლის. ღმერთმა უშველოს ჩვენს საქართველოს და მთელი მსოფლიოს ხალხს.”