კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მიგრანტებშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ, “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, ნიუ-იორკში მოქმედი ასოციაცია „თვისტომის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. ნიკა ჩხეიძის თქმით, უმეტესობა თვითიზოლაციაშია და მათ კონსულტაციას ამერიკაში ახლადგახსნილი კრიზის ცენტრი უწევს.
პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამერიკაში, ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად, კრიზის ცენტრი რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. კრიზის ცენტრები „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის“ პროექტია და ის უკვე ფუნქციონირებს იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში. მუშაობა მიმდინარეობს გერმანიის კრიზის ცენტრის შექმნაზე.
ცენტრს ამერიკაში, რამდენიმე დიასპორული ორგანიზაცია უდგას სათავეში: “დიასპორის სახლი” – ხელმძვანელი ინა ასანიძე, “ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა” – ხელმძღვანელი ელიზა აბელაშვილი, “საერთაშორისო ორგანიზაცია “ერთობა” – თეა კანდელაკი და ასოციაცია “თვისტომი”.
რა სახის დახმარებას სთავაზობს კრიზის ცენტრი ქართველ ემიგრანტებს და როგორია მისი მუშაობის პრინციპი – ამ საკითხებთან დაკავშირებით ამერიკის ხმა, ასოციაცია „თვისტომის“ დამფუძნებელს, ნიკოლოზ ჩხეიძეს ესაუბრა.
_ როგორ მუშაობს კრიზის ცენტრი?
_ ეს არის ერთგვარი საინფორმაციო ბანკი, სადაც ინფორმაცია გროვდება. მოქმედებს ე.წ. ნავიგატორების სისტემა, რაც მიგრანტებისგან, მათი საჭიროებების შესახებ, ერთდროულად რამდენიმე ზარის მიღების საშუალებას იძლევა. კრიზის ცენტრი, შემოსული ზარებს სიმძიმის კატეგორიების მიხედვით, პრიორიტეტებს განსაზღვრავს და შემდეგ მოქმედებს.
_რა ტიპის დახმარება შეუძლია ცენტრს?
_ სამედიცინო კონსულტაცია, ფულადი დახმარება, ფისიქოლოგიური დახმარება, საინფორმაციო მომსახურება. ცენტრის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული მოხალისე დონორები, რომლებიც გარდა ფინანსური შემოწირულობისა, სხვა სახის დახმარებასაც სთავაზობენ. როგორიცაა, მაგალითად, მედიკამენტების, საკვების მიწოდება ადამიანებისთვის, რომლებსაც სახლიდან გასვლა არ შეუძლიათ. ფინანსების მობილიზებას კრიზის ცენტრი საბანკო ანგარიშით ცდილობს, რომელზე თანხის გადარიცხვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ქართველი ქალბატონები ვერ მუშაობენ, შინ არიან, გარეთ გასვლა არ შეუძლიათ. არ აქვთ საკვები. ანალოგიური მწვავე მდგომარეობაა იტალიასა და ესპანეთში, გერმანიაშიც იგივე პროცესებია დაწყებული.
კიდევ ერთი პლატფორმა, რითიც ემიგრანტებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ, რადიო „თვისტომის“ აპლიკაციაა. ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, რადიოს საშუალებით შეეცდებიან ხმა მიაწვდინონ მათ, ვინც სოციალურ ქსელებს არ იყენებს.
ნიკოლოზ ჩხეიძის თქმით, ქართველი იმიგრანტების ნაწილი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმის გამო, რომ მუშაობა აღარ შეუძლიათ. ზოგიერთ შემთხვევაში 5-10 ემიგრანტი ქალბატონი ერთად ცხოვრობს და გარეთ გასვლის პრობლემაც აქვთ.
„უკვე შეიქმნა საბანკო ანგარიში, სადაც თანხის გადმორიცხვა ყველას შეუძლია. ეს თანხები მწვავე შემთხვევებზე გადანაწილდება. ქართველი ქალბატონები ვერ მუშაობენ, შინ არიან, გარეთ გასვლა არ შეუძლიათ, არ აქვთ საკვები და ა.შ. ანალოგიური მწვავე სიტუაციაა იტალიაში, უკვე ესპანეთშიც, გერმანიაშიც იგივე პროცესებია დაწყებული და ბუნებრივია ამერიკაშიც იგივე პრობლემებს ვაწყდებით. ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს, ხუთი-ათი ქალბატონი ცხოვრობს ერთად. ეს საბანკო ანგარიში სწორედ მსგავს შემთხვევებს მოხმარდება.“ – აცხადებს ნიკოლოზ ჩხეიძე.
კრიზის ცენტრისა და ასოციაცია „თვისტომის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მჭიდრო კავშირი აქვთ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან.
„ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს საკონსულოსთან, ვიღებთ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც ძალიან დროული და მნიშვნელოვანია. მაგრამ, ერთია საინფორმაციო მხარდაჭერა და მეორე – კონკრეტული შემთხვევების მართვა. ცენტრი ცდილობს უშუალოდ იმ ქართველ იმიგრანტებთან იმუშაოს, ვისაც დადასტურებული აქვს ვირუსი, ან მისი სიმპტომები აქვს. ვაკვირდებით ავადმყოფობის მიმდინარეობას, თითოეული შემთხვევა კონტროლზე გვაქვს აყვანილი. კონსულტაციას ვუწევთ, მკურნალობაში ვეხმარებით,“ – აცხადებს „თვისტომის“ ხელმძღვანელი.
ნიკოლოზ ჩხეიძის თქმით, რამდენიმე შემთხვევაში, ზოგიერთმა ვიზიტორმა ან ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო, ვინაიდან ფრენები შეწყვეტილია. ცენტრის ხელმძღვანელი, ნებისმიერ უცხო ქვეყანაში მყოფ ქართველებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში დაბრუნებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს.
„სამი ადამიანი სტამბოლიდან გამოაბრუნეს უკან. ასევე, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ამერიკიდან საქართველოში ჩასულ სამ ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა. გავრცელდა, ჩვენი კოალიციის საბჭოს წევრის, ინა-ბაია ასანიძის განცხადება და მოწოდება, რომ ყველამ მაქსიმალურად თავი შეიკავოს თავი საქართველოში გამგზავრებისგან და არ დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა სერიოზული დარტყმის ქვეშ, რომელიც ამ მძიმე ვითარებას ამ დრომდე თავს კარგად ართმევს. ყველა ემიგრანტი, ვისაც ამის საშუალება აქვს დარჩეს თავის ამჟამინდელ სამყოფელ ქვეყანაში, ერთად შევძლებთ ამ ვითარების გამკლავებას,“