ორშაბათიდან, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი – განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის „ტელესკოლა“ იწყება, რაც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.
„ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ.
გაკვეთილების თხრობისას გათვალისწინებულია სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.
არსებულ ცხრილს ეტაპობრივად ეთნიკური უმცირესობებისთვის გათვალისწინებული ქართულის, როგორც მეორე ენის, ასევე, აზერბაიჯანულისა და სომხური ენების ტელეგაკვეთილები დაემატება. სამინისტრო და პირველი არხი მუშაობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების ტელეფორმატის შესაქმნელად.
„ტელესკოლის“ დაწყებამდე, მოსწავლეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა „ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილს გაეცნონ.