დღეს, 29 მარტს, 19:00 საათზე შეგიძლიათ იხილოთ “საქართველოს სინფონიეტას” საიუბილეო კონცერტის ჩანაწერის სრული ვერსია, რომლის ონლაინ საპრემიერო ჩვენება გაიმართება “საქართველოს სინფონიეტას” Youtube არხზე.
2018 წლის 7 სექტემბერს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” “საქართველოს სინფონიეტას” 10 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნა!
„საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ მსოფლიოს აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველებური მუსიკის საუკეთესო სპეციალისტები: მარკ ჰანტაი (ფლეიტა), ი-ფენ ჩენ (ფლეიტა), პატრიკ ბოგირო (ჰობოი), ალესანდრო პიკე (ჰობოი), ჟოაკიმ გერა (ფაგოტი), ჟოზეპ მარია მარტი (თეორბო), ბალაჟ მატე (ჩელო), თეონა გუბა-ჩხეიძე (ვიოლინო), დანიელ გარაი მორაგესი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და ანდრეი სინკევიჩი (კონტრაბასი).
ამ საღამოს მთავარი პერსონა კი ჟორდი სავალი (დირიჟორი) გახლდათ, რომელიც თბილისის მსმენელების წინაშე პირველად 2015 წელს, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად „თბილისის ბაროკო ფესტივალზე“ წარდგა.
კონცერტზე შესრულდა მ.მარეს, გ.ფ.ტელემანის, ი.ს.ბახისა და ჟ.ფ.რამოს ნაწარმოებები.