საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ენდონ იმ პირებს, რომლებიც მათ საქართველოში დაბრუნებაში დახმარებას ჰპირდებიან. აღნიშნული პირები სოციალური ქსელის მეშვეობით უცხოეთში მყოფ ქართველებს პირადი მონაცემების მიწოდებასა და კითხვარების შევსებას სთხოვენ.
“მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტრო ასევე მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მგზავრობის მარშრუტი მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით დაგეგმონ.