თამუნა ლაშხი უკვე ექვსი წელია მიუნხენში ცხოვრობს და „ქართული კვირის’’ მკითხველი სწორედ მისგან შეიტყობს რა ხდება დღეს გერმანიაში.
„მე მიუნხენში ვცხოვრობ. ერთი კვირით ვიყავი საქართველოში და თებერვლის ბოლოს ჩამოვედი აქ. რომ წამოვედი უკვე ცხადი იყო, რომ ეპიდემია იწყებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გერმანიაში დაფიქსირებული არ იყო არცერთი შემთხვევა და ერთი კვირა ვიარე სამსახურში, უკვე მობილიზებული ვიყავი, მგონი მეტროში მარტო მე ვიყავი პირბადით, ხალხი როგორც უცხოპლანეტელს ისე მიყურებდა. მერე გავცივდი, გრიპი მქონდა მეც და ჩემს მეუღლესაც. იმ დღესვე დავუკავშირდით ექიმს, რომ შემოწმება გაგვევლო კორონავირუსზე. მაშინ ტესტი არ გაგვიკეთეს, იმიტომ რომ სარისკო ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია არ გვქონდა.
– ახლა რა სიტუაციაა?
– წინა კვირიდან დაიხურა სკოლები, სასწავლო დაწესებულებები, ვისაც შეუძლია ყველა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. თითქმის ყველაფერი დაიხურა, მხოლოდ სასურსათო მაღაზიები მუშაობს, აფთიაქები…. ისევე როგორც საქართველოში. აკრძალულია ქუჩაში 2 კაცზე მეტის ერთად ყოფნა და ის ორი კაციც ერთი ოჯახის წევრი უნდა იყოს.
– მიუხედავად მკაცრი ზომებისა, სამწუხაროდ მაინც ბევრი დაავადდა კორონავირუსით….
– დიახ, 35000 – ზე მეტი შემთხვევაა, აქედან დაახლოებით 180 ადამიანია გარდაცვლილი. თუმცა ყველაზე ნაკლები პროცენტი ლეტალური შემთხვევების მაინც გერმანიას აქვს. რაც შეეხება ტესტირებას – 2 კვირის წინ, დღეში მხოლოდ 10 000 ტესტის გაკეთება იყო შესაძლებელი, ახლა კი 160 000 – ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტესტები არ არის ერთ ადგილზე ცენტრალიზებული, კერძო ლაბორატორიებში დარიგდა და უკვე ოჯახის ექიმებსაც აქვთ. ჩემი თანამშრომელი მივიდა ექიმთან, პარკინგზე ჩამოვიდა ექთანი, მანქანის ფანჯრიდან აუღო ნაცხი და გამოუშვა, შენობაში არც შესულა. მერე დაურეკეს და უთხრეს, რომ კორონა არ ჰქონდა.
– ზოგადად, ქალაქში პანიკაა? ძალიან არის ხალხი შეშინებული?
– თავიდან მართლაც ძალიან შეშინდნენ, უკვე მესამე კვირაა ტუალეტის ქაღალდი არ იშოვება, პროდუქტებიც არ იყო, რასაც ნახავდი ის უნდა გეყიდა. ახლა უფრო დამშვიდდა სიტუაცია. გუშინ ვიყავი გასული, დილის 7 საათზე მივედი მაღაზიაში, როცა იხსნებოდა და ბევრი ხალხი არ იყო, ყველა ნიღბებითაა, ხელთათმანებით, დისტანციას იცავენ. ხომ იცით, აქ კანონმორჩილი ხალხია და ემორჩილებიან წესებს. მიუნხენი ბავარიის დედაქალაქია, სამხრეთი გერმანიის. ბავარიამ ყველაზე პირველმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ჩვენთან უფრო მკაცრი აკრძალვებია. ბავარია ეკონომიკურად ყველაზე ძლიერია ისედაც და ყოველთვის ცდილობს, რომ მომარაგების მხრივ არაფერი მოაკლოს მოსახლეობას.
– თამუნა, იტალიაში იმდენად ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, რომ სამედიცინო პერსონალის დამატებითი მობილიზება გახდა საჭირო და ამიტომ მათ ნება დართეს ექიმად ემუშავა ადამიანს, ვისაც არ ჰქონდა მათ ქვეყანაში აღიარებული დიპლომი. მსგავსი რამ გერმანიაშიც ხომ არ მოხდა?
– ჯერ გერმანიას ასე არ უჭირს, მაგრამ პენსიაზე გასულ სამედიცინო პერსონალს სთხოვეს გამოსულიყვნენ და ბევრი მათგანი გამოვიდა.
მე ვერ ვამჩნევ პანიკას. აქ ყოველთვის ასეა, მშვიდად უდგებიან ყველა საკითხს, მათ თავისი ქვეყნის და სამედიცინო სისტემის იმედი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული სიტუაციაა და თუ პიკს მიაღწია ეპიდემიამ, არავინ იცის როგორ გაართმევენ ამას თავს. მართალია გერმანია 80 მილიონიანი ქვეყანაა, მაგრამ აქვს 28 000 რეანიმაციული საწოლი, გარდა იმისა, რასაც ახლა გადააკეთებენ და 32 000 სუნთქვის აპარატი. ეს წინა კვირის მონაცემებია, რომელიც შეიცვლებოდა, რადგან ყველა კლინიკას დავალებული ჰქონდათ გაეორმაგებინათ ინტენსიური საწოლები და სუნთქვის აპარატებიც. კლინიკებმა განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ 20%-ით გაზარდონ ეს რიცხვი, რაც ასევე არაა პატარა მაჩვენებელი. შედარებისთვის გეტყვით, რომ 17 მილიონიან ნიუ – იორკს 3000 საწოლი და 7000 სასუნთქი აპარატი აქვს.
სიმართლე გითხრა, ახლა ერთადერთი რაც მაღელვებს საქართველოა. მიხარია, რომ ყველა მობილიზებულია, ყველაფერს კარგად აკეთებენ, რომ შეანელონ ეს ტალღა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ტალღა არ შეანელეს ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებს. ასეთ პიკს გერმანიაც ვერ მოერევა.“