ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყეტილება, განსაკუთრებულად აუცილებელი სამუშაო საკუთარი თანამშრომლების ნაცვლად ხელმძღვანელმა პირებმა შეასრულონ. მიუხედავად ამისა, თანამშრომლები ხელფასებს ჩვეულებრივ მიიღებენ. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
“მეგობრებო, ასე გადავწყვიტეთ:
ორშაბათიდან მე და ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის რამდენიმე ხელმძღვანელი, დროებით შევიცვლით ფუნქციას – ჩვენი ძვირფასი თანამშრომლების სამუშაო ოთახებში გადავინაცვლებთ და მათ კონკრეტულ სამუშაოს შევასრულებთ. ამ რამდენიმე ადამიანს ისედაც გვიწევს გადაუდებელი ამოცანების გამო შეკრება და განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოვადგენთ ერთმანეთისთვის. რაც შეეხება საქმეს: ეროვნული ბიბლიოთეკა არის არაერთი უნივერსიტეტის დონორი სასწავლო მასალების მიმართულებით და ახლა ყოველდღიურად ათობით სტუდენტი და ლექტორი გვიკავშირდება ონლაინ-სწავლების შეფერხების გამო. ჩვენ გვაქვს დიდი, თანამედროვე ლაბორატორია, სადაც უკვე ათიათოსობით მასალა გავაციფრულეთ, თუმცა არის წიგნები, რომელთა ელექტრონული ვერსია ჯერ არ არსებობს. მე და ჩემი მეგობრები, გავინაწილებთ ფუნქციებს – საცავს, სკანერსა და კომპიუტერებზე და უნივერსიტეტებს პერიოდულად მივაწვდით საჭირო რესურსს. მე საცავის საქმე მაინტერესებს.
ახლა ასე სჯობს. ჩვენ ვერცერთი თანამშრომლის ჯანმრთელობას ვერ შევუქმნით საფრთხეს. ისინი ამ პერიოდში ჩვეულებრივ მიიღებენ ხელფასებს და დაველოდებით იმ დღეს, როცა კვლავაც ერთად გავაგრძელებთ ბიბლიოთეკის მართვას.” – წერს გიორგი კეკელიძე.