გიორგი გიგაშვილი – თვითიზოლაცია: დღე 7

”3-დან 15 მარტამდე, ესპანეთში, 5 ქალაქში, კონცერტები მქონდა დაგეგმილი. 10 მარტს, მესამე კონცერტის დღეს შემატყობინეს, რომ ყველა კონცერტი გაუქმდა.

იმ დღესვე წამოვედი ბარსელონადან და თბილისის აეროპორტში დამხვდა ისეთი სიტუაცია, როგორიც არსად სხვაგან. მთელ მედპერსონალი მობილიზებული იყო იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ: გაგვისინჯეს სიცხე, პასუხები შეიტანეს ოთახში და რომ გამოვიდნენ, მე და დეიდაჩემს გვითხრეს, რომ თვითიზოლაციაში უნდა ვიყოთ.

რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა, რომ არანაირი სიმპტომი არ გვქონდა.

და ახლა უკვე მეშვიდე დღეა თვითიზოლაციაში ვართ ორი ადამიანი.

მუსიკა

ჩემთვის, როგორც პიანისტისთვის, ადვილია შეგუება ამ ფაქტთან, იმიტომ რომ ოთახში მაქვს ფორტეპიანო და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს, ადვილად ვეგუები.

ძალიან დამწყდა გული, რომ კონცერტები გაუქმდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომავლისთვის გადაიდება. ახლა მთავარი ჯანმრთელობაა.

გამოთავისუფლებული დრო

ჩემს უსაყვარლეს სერიალს, ,,ჰოუმლენდს” ვუყურებ და წიგნს ვკითხულობ, ჟოზე სარამაგუს ,,იესოს სახარებას”.

ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ ყველა ადამიანი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა სიმპტომები, სახლში უნდა დარჩეს და შეასრულოს მოქალაქეობრივი ვალი.”