“ჭირსა შიგან გამაგრება” ანუ სოლიდარობამ რა ჰქმნა (10 ამბავი) – ბლოგი

გრძელი და მონოტონური შესავლების გარეშე რომ ვთქვათ, ან რა უნდა ვთქვათ, როცა ყველამ ყველაფერი ისედაც ვიცით – სად რა ხდება, რამდენი და რატომ დაინფიცირდა, ვინ მაღაზია გამოზიდა და ვინ თვითიზოლაციის წესი დაარღვია.

ამიტომ  ეს ამბავი არაა ვირუსზე –  ამბავი ადამიანებზეა, რომლებმაც „ჭირსა შიგან გამაგრება“ გადაწყვიტეს და სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით სამოქალაქო პასუხისმგებლობის, თანადგომისა და ერთმანეთის გამხნევების მაგალითი უჩვენებს დანარჩენებს.

მართალია, სია – არასრული, ქრონოლოგია კი დარღვეულია, მაგრამ ამბავი პატარა ერის დიდი სოლიდარობისა – მაინც აუცილებლად წასაკითხი.

ე.წ სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე გუშინ და ყელში მომებჯინა ყველა არგუმენტი, რომელთა ხმამაღლა გაჟღერებაც მგზავრთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან კონფლიქტით დასრულდებოდა. არც მგლის თავზე სახარების კითხვა მინდოდა და არც ზედმეტი ცერცვი მქონდა, კედლისთვის რომ მეპნია. რა გასაკვირია და, საუბარი ვირუსს შეეხო, ათასი ჭორ-მართალი განიხილეს და საბოლოოდ საკუთარი დასკვნებიც უხვად გამოიტანეს – დეტალებს აღარ მოვყვები, რადგან თავიდანვე დაგპირდით უსაგნო მონოლოგისათვის გვერდის ავლას. მაგრამ ტონი? – ტონი იყო ისეთი, წამში რომ ამოიკითხავდი რაღაც ფარულ ზიზღს. მხოლოდ ერთი ფრაზა ამეკვიატა – “შემოყარესო”, ამბობდა ასე , 60 წლამდე ქალი საკუთარ თანამემამულეებზე, მოქალაქეებზე, რომლებიც სამშობლოში დააბრუნეს.  

გაჩერებიდან სახლამდე და შემდეგ სახლში მთელი მონდომებით „ვგუგლე“ ყველა ის არგუმენტი, რაც გამიქარწყლებდა წარმოდგენას, რომ ყველა ასე ფიქრობდა, ყველა თუ არა ,ბევრი მაინც.

ერთად შეკრებილი ძლიერი და  გამბედავი, სოლიდარული, მადლიერი, მებრძოლი ადამიანების ამბავი მინდა გაგიზიაროთ.

#ამბავი 1

Pizzalandia, რომლის იტალიელმა მფლობელმაც ინფექციურის საავადმყოფოში ბოქსირებული განყოფილების სამედიცინო პერსონალისათვის პიცის მიტანის უფლება ითხოვა და კლინიკაში თავადაც მივიდა.

„დღეს ჩემი სამშობლო, იტალია და იტალიელები განსაცდელში არიან. სამი წელია, საქართველოში ვცხოვრობ. მეუღლე ქართველი მყავს. განვიცდი იქაურ და აქაურ ამბებს კორონავირუსთან დაკავშირებით. თავი ვალდებულად ჩავთვალე, როგორც შევძლებდი, ისე გამომეცხადებინა სოლიდარობა და მხარდაჭერა ქართველი მედიკოსებისთვის. მათი საქმე და შემართება გმირობის ტოლფასია. მადლობა ბოქსირებული კლინიკის ხელმძღვანელობას, ექიმებს, ექთნებს, სანიტრებსა და სხვა დანარჩენ პერსონალს“, – აღნიშნა არმანდო ვოდომ.

#ამბავი 2

„გუშინ საღამოდან მოყოლებული სიცხე მაქვს, შესაბამისად, სახლში ვარ, სქროლვისას შემხვდა ინფექციურის პოსტი, სადაც მადლობას უხდიდნენ Iako’s • იაკო’ს, რომლებმაც საავადმყოფო ლობიანებითა და ხაჭაპურებით მოამარაგა. ხუმრობით დავწერე პოსტზე “მეც თვითიზოლაციაში ვარ, მომიტანეთ ლობიანები-მეთქი” ფოტოს თქვენც ხედავთ. მინდა, რომ ბევრი ბევრი ასეთი კომპანია გვყავდეს“ – იტალიურ პიცერიას არც ქართული კომპანია ჩამორჩა და მამაპაპური ხაჭაპურ-ლობიანით არა მარტო ექიმები, ის ადამიანიც „მოამარაგა“ თვითიზოლაციაში მყოფმა ხუმრობით რომ კომენტარი დაწერა.

„დღეს იაკო’ს გუნდმა გადაწყვიტა, გვერდში დადგომოდა ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს და ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს COVID-19 (კორონა ვირუსი)-ს დასამარცხებლად,” – ასე გამოეხმაურა კოპანია სოციალურ ქსელში სოცილურსავე კამპანიას.

#ამბავი 3

შემდეგი ისტორია სტუდენტებზეა. ახალგაზრდებზე, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, სხვისი ჯანმრთელობის სადარაჯოზე უსასყიდლოდ იდგნენ. “თსსუ პათოლოგებმა“ სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

‘’მოკლედ, ძალიან, ძალიან მაგრები ხართ თითოეული ქართველი მედიცინის წარმომადგენელი ამ წამს! დღეს, სინათლის სისწრაფით შეივსო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმ განყოფილებაში მუშაობის მსურველ ადამიანთა, სტუდენტთა სია, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ ნებისმიერ ადამიანს საჭიროების, საშიშროების, ეჭვის შემთხვევაში. არ გვეშინია, თქვენთან ვართ მთელი ჩვენი ადამიანობით და არ უნდა შეშინდეთ არც თქვენ, თსსუ პათოლოგები ამჯერად ყოველგვარი ირონიის გარეშე და ყოვლად ადამიანური ღიმილით, მთელი ქართული მედიცინის სახელით ჯანმრთელობას გისურვებთ.’’

#ამბავი 4

რომში მცხოვრები მღვდელი იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პარალელურად საკუთარი მანქანით მომსახურებას სთავაზობს. არქიმანდრიტი ემიგრანტებს მოუწოდებს სახლში დარჩნენ, თვითონ კი საჭიროების შემთხვევაში წამლებსა და სურსათს მიუტანს.

“ვითარება დაძაბულია, გთხოვთ ყველანი დარჩით სახლში, ნურავინ გამოხვალთ, თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ მოგიტანოთ წამლები, საკვები. თქვენს სამსახურში ვარ. ძალიან გთხოვთ მიხედოთ თქვენს თავს, პირველ რიგში ჯანმრთელობას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო, ღმერთმა დალოცოს იტალია და მთელი სამყარო’, – აცხადებს მღვდელი ვიდეო-მიმართვაში.

#ამბავი 5

დაცლილი დახლები, ვალუტის კურსის უეცარი ცვალებადობა და მოსალოდნელი სოციალური პრობლემები თითოეული ადამინის ჯიბეს რომ წიხლს თუ არა, პატარა მუჯლუგუნს მაინც ჩაარტყამს, ყველას გვესმის. ზრუნვა ერთმანეთზე და მათზე, ვინც სხვაზე ზრუნავს – ზოომაღაზიამ გადაწყვიტა, მათ, ვინც მისუაფარ ცხოველებს უვლის და შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას, ოთხფეხა მეგობრებისათვის საკვები აჩუქოს.

„ეს პოსტი ეხება მათ, ვისაც შეფარებული ჰყავს უსახლკარო ძაღლი.

ქვეყანაში შექმნილი ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ პირებზე ვინც უვლის მიუსაფარ ძაღლებს ჯამში გამოვყოთ 2 ტონა საკვები.

ჩვენს ცენტრალურ ფილიალში განთავსებულია კომპანია Hermos-ის ეკონომკლასის საკვები, რომელიც თავისი ხარისხით უტოლდება პრემიუმ კლასის საკვებს. ჯამში 100 ერთეული 20 კგ-იანი ტომარა. ნებისმიერს ვისაც გჭირდებათ ხელშეწყობა, გთხოვთ გვეწვიოთ კარტოზიას #6-ში (ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე ზოომარტის ფილიალში, სადაც უსასყიდლოდ გადმოგეცემათ 1 ტომარა.

ერთ პირზე ვისაც შეფარებული ჰყავს უსახლკარო ცხოველი, გაიცემა 1 ტომარა საკვები. ცხადია, არ არსებობს კონტროლის მექანიზმი და ყველას გთხოვთ, გამოიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სოლიდარობა, კეთილსინდისიერება და ზემოაღნიშნული დონაციით ბოროტად ნუ ისარგებლებთ.“- წერს ზოომარტი საკუთარ გვერდზე.

#ამბავი 6

ბანკებმა „სესხები 3 თვით გადაავადეს“ – “მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას,”-აცხადებენ ბანკში.

#ამბავი 7 და #ამბავი 8

თვითიზოლაციისათვის ბინას ეძებთ? ან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნიმუში ხომ არ დაგაინტერესებდათ? – მაშინ ეს პასუხები თქვენთვისაა. ადამიანები, რომელიც მოქალაქეებს თვითიზოლაციისათვის საკუთარ სახლებს სთავაზობენ –

#1 თამრიკო მოლაშვილი – “ვიღაცას აუცილებლად გამოადგება. ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ ყვარელში. თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე გვაქვს დაკეტილი ოროთახიანი ბინა ცენტრალური გათბობით და ყველა ტექნიკით. ბინაში პირსახოცის შეტანაც არ დაგჭირდებათ. ყველაფერია თუ რომელიმე ოჯახს ესაჭიროება თვითიზოლაციის მიზნით საცხოვრებელი, დიდი სიამოვნებით გადავცემთ გასაღებს. ეს გაგრძელდება რეგურალურად, ვიდრე კორონავირუსი არ დამარცხდება.

#2. “განცხადება! მე ნოდარ ცინცაძე. 3 დღეში დავამთავრებ ოთახების გადაღებვას პირველ სართულზე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მყავს მცირეწლოვანი. მზად ვარ სახელმწიფოს დავუთმო შესაბამისი ფართი, მოქალაქეთა თვითიზოლაციისთვის. წარმოდგენილი მაქვს, ფსიქოლოგიურად როგორი მძიმეა კარანტინში ყოფნა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ თავი იგრძნოს ოჯახურ გარემოში. მე არ მეშინია კორონა ვირუსის, მე პანიკაში ჩავარდნილი ჩემი ხალხი მაფიქრებს. 14 მარტს მზად მექნება 45 კვ.მ-ის ფართი. ჩვენ ახლა ერთმანეთის გვერდით დგომა გვჭირდება. ღმერთმა დალოცოს საქართველო”, – წერს ნოდარ ცინცაძე სოციალურ ქსელში.

#ამბავი 9

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს პენსიონერთა ჯგუფი. საქართველოში პენსიონერთა უმეტესობა არის უკიდურესი გაჭირვების ზღვარს მიღმა და ყოველდღიური საკვები რაციონის მისაღებად მიმართავენ სხვადასხვა უფასო სასადილოებს.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ყველა არსებული რეკომენდაციით ეს საყვარელი ადამიანები ვირუსისგან თავის არიდების მიზნით უნდა ერიდებოდნენ საჯარო თავშეყრის ადგილებს, სამწუხაროდ, უფასო სასადილოებში ვიზიტი მათი გადარჩენის (გამოკვების) ერთადერთი შანსია, რისი საშუალებაც ვეღარ ეძლევათ ვირუსის გამო დაკეტილი კათარზისის გამო.

გამომდინარე იქიდან რომ კორონავირუსის პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ ხალხის სახლში დარჩენა, შევქმენით ეს ჯგუფი, რათა მაქსიმალურად სწრაფად ავაგროვოთ თანხა რომ თითოეულ მოხუცს ჰქონდეს მინიმუმ რამდენიმე დღის საკვები და არ დადგეს ვირუსის და/ან შიმშილის რისკის ქვეშ. მოიწვიეთ მეგობრები და გაავრცელეთ მაქსიმალურად ინფორმაცია! სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ მოხუცების დასაცავადო- თქვეს ერთ ფეისბუქ ჯგუფში და ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა ერთ ღამეში 30 000 ლარზე მეტი შეაგროვეს.

ახლა უბნებსა და ფუნქციებს ინაწილებენ, რომ თითოეულ მოხუცამდე დღესვე მივიდეს თბილი სადილი და განცდა, რომ ისინი მარტო არ არიან.

 

#ამბავი10

მეათე ამბავი შენზეა, ვინც ამ ჩამონათვალში გამომრჩი, ვინც ჩუმად აკეთებ საქმეს, ან ვერ აკეთებ, მაგრამ გრძნობ, რამდენად დიდია შენი, როგორც ერთი მოქალაქის როლი და წვლილი.

და თუკი ყველაფერი, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, მაშინ ეს ამბავია ქართულ სიძლიერეზე და ამბავი ადამიანებზე, რომლებმაც ბევრი და მყარი არგუმენტი მომცეს, რომ თუკი ოდესმე ვინმე კახი კავსაძის ცნობილ შეკითხვას გამიმეორებს – აბა, თუ გვეშველება რამეო, თამამად ვუპასუხო, ნაშველი გვაქვს და ეგ არის- მეთქი.

 

თამუნა ზარანდია