‘’მშვიდობა თქვენ, ჩემთვის ძვირფასებო!“ – ინგა ბასხაჯაურის(ემიგრანტის) წერილი უცხო ადამიანებს.
”როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის… და მე მჯერა, რომ აუცილებლად ჩაივლის, მოგიყვებით ჩვენს განცდებზე….
მოგიყვებით სათითაოდ შიშით და იმედით გადათვლილ საათებზე, წუთებზე და წამებზე….
მოგიყვებით იმაზე, რომ ყველაზე მეტად ახლა გვინდოდა სამშობლოში და ჩვენს ოჯახებში ყოფნა, მაგრამ ერთი წამითაც არ დავუშვებდით და არ გამოვიყენებდით ამის შესაძლებლობას….
მოგიყვებით იმაზე, თუ როგორ ვამხნევებდით ერთმანეთს უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები და ჩვენ თვითონაც არ ვიყავით დარწმუნებული ხვალინდელი დღის შესაძლო არსებობაში…
მოგიყვებით იმ უცნაურ, შიშნარევ გრძნობებზე, რასაც დაცარიელებული ქუჩების და მკვდარი ქალაქების დანახვისას განვიცდიდით….
მოგიყვებით იმაზეც, თუ როგორ გვეშინოდა გათენების…. ომი არ იყო, მაგრამ იყო რაღაც სხვა… არანაკლებ შიშის, სასოწარკვეთილების და სიმარტოვის ნაზავი სადაც ადამიანები ერთმანეთში სიკვდილს ხედავდნენ….
მოგიყვებით იმაზეც, თუ როგორ ვამხნევებდით და ვარწმუნებდით ერთმანეთს, რომ ამ დიდ საერთო ტრაგედიას გავუძლებდით და გავიმარჯვებდით…
მოგიყვებით რა ძნელი ყოფილა უცხო მიწაზე სამყაროს დიდი ტრაგედია, საიდანაც გზა ან არსად, ან ვერსად ვეღარ მიდის….
მოგიყვებით იმაზეც, რომ ღმერთი ძალიან გავაბრაზეთ…
ეს კოშმარი რომ დამთავრდება…. რაღაც შეიცვლება ადამიანებს შორის ურთიერთობებში. უფრო მეტად გავუფრთხილდებით ერთმანეთსა და სამყაროს….. და გზა ისევ იქნება, რომელსაც სახელი ერქმევა…” – ინგა ბასხაჯაური.