ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მონაწილეთა სია ცნობილია. განაცხადების მიღება 6 მარტს დასრულდა. 6 ნომინაციაში საკონკურსოდ შესულია 128 წიგნი.
ლიტერატურული პრემია საკონკურსოდ განიხილავს 2019 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს; კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური მაისის ბოლოს წარადგენს.
კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს 5 000 ლარს.
პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს. პრემია ყოველწლიურია და წელს უკვე მეხუთედ გაიცემა.
2016-2019 წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნიკა ლაშხია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე და სხვები.