Georgien und Deutschland – eine lange Liebe/ საქართველო და გერმანია- ხანგრძლივი სიყვარული – ასე ჰქვია მულტიკულტურული დიალოგის საღამოს, რომელიც 10 მარტს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაიმართება.
საქართველოს გენერალური კონსული ფრანკფურტში, ლევან დიასამიძე, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრებს. თამარა კირსკე-ერენაშვილის მოხსენება შეეხება გერმანულ-ქართული ურთიერთობებს 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. ასევე, კონფერენციაში მონაწილეობენ ჰანს-გიუნტერ გრიგოლიტი – (პირველიდან მეორე რესპუბლიკამდე – საბჭოთა ბატონობის 70 წლის განმავლობაში) ეკატერინე კინწურაშვილი (ქართველი კომპოზიტორების საფორტეპიანო მუსიკა) და ლიკა ტუხაშვილი (საქართველო, როგორც საუკეთესო სამოგზაურო მიმართულება). შეხვედრა ქართული ღვინისა და კერძების თანხლებით ჩაივლის.
“ბევრისთვის უცნობია, რომ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. გერმანელები იქ დაახლოებით 200 წლის წინ დასახლდნენ. ბერლინი კი ხშირად თავშესაფარი იყო ქართველი ინტელექტუალებისა და პოლიტიკოსებისათვის 1920-იან წლებში. აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამ მიზანს ემსახურება – რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს ორი ქვეყნის ურთიერთობის ხანგრძლივი ტრადიცია” – ამბობენ საღამოს ორგანიზატორები.