2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგი არაერთ კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის ქართული ფილმების რეტროსპექტივას.
ინიციატივა სტრასბურგის კინოთეატრ „ოდისეს“ დირექტორს – ფარუკ გუნალთაის ეკუთვნის. ქართული ფილმების ჩვენებები სწორედ კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართება.
4 მარტს ქართული ფილმების პროგრამა ოთარ იოსელიანის ფილმი – „იყო შაშვი მგალობელი“ გახსნა. ფილმი აუდიტორიას თავად ოთარ იოსელიანმა წარუდგინა, რომელიც სტრასბურგში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩავიდა.
სტრასბურგში ასევე აჩვენებენ შემდეგ ქართულ ფილმებს:
7 მარტი – მიხეილ კობახიძის „ქოლგა“, „ქორწილი“, „მუსიკოსები“;
8 მარტი – ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“;
10 მარტი – ელდარ შენგელაიას „თეთრი ქარავანი“;
14 მარტი – ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“;
15 მარტი – ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“;
ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ღონისძიების პარტნიორია სტრასბურგის მერია და საქართველოს კინოაკადემია.