2 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის, ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2020, დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
შეჯამდება პროექტის შედეგები, გაიმართება მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია. სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. გამორჩეული ნაშრომების ავტორებს „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“ დააჯილდოებს ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.
პროექტი ხორციელდება „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“, თსუ – ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და თსუ – ს სტუდენტური პროექტების გრანტის დაფინანსებით.
26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით კონკურსის შედეგად შერჩეულ მონაწილეებს უცხოეთიდან (დიდი ბრიტანეთი, ავსტრია), საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან (თსუ; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და სკოლებიდან (ქ. რუსთავის #13 საჯარო სკოლა; თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია) 6 დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ მოესმინათ თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების ლექციები.
პროექტის ხელმძღვანელია ელგუჯა ხინთიბიძე, კოორდინატორები: თამარ მელიქიძე, ირმა მაკარაძე, სოფიო გულიაშვილი. პროექტის მოდერატორები: ელგუჯა ხინთიბიძე, დარეჯან თვალთვაძე, თამარ პაიჭაძე.