ერუშეთის ეროვნული პარკი – სამცხე-ჯავახეთში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება

ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია – ერუშეთის ეროვნული პარკი – იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.

„ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი – საქართველოს მთავრობა – აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა. ასევე, დაცული ტერიტორიის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთის რესპუბლიკასთან.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გავრცელებულია უნიკალური სახეობრივი შემადგენლობის მქონე ტყეები, ბუჩქნარები და ბალახეული თანასაზოგადოებები. ასეთია, მაგალითად, სამხრეთ კავკასიური ტიპის ნაძვნარები და ნაძვნარ-სოჭნარები. ასევე, ორიგინალური სახეობრივი კომპოზიციით გამოირჩევიან – მუხნარების, წიფლნარების და ფიჭვნარების თანასაზოგადოებები. ეროვნული პარკის მცენარეულობის მრავალფეროვნებას, ასევე, ქმნიან მაღალმთის ნაირგვარი მდელოები და მდელოსებრი სტეპები.

დიდი ზომის ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: მურა დათვი, ევრაზიური ფოცხვერი და არჩვი – საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები; ჩვეულებრივი მაჩვი, შველი და გარეული ღორი. მცირე ზომის ძუძუმწოვრებიდან ცალკე აღსანიშნავია გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი ჭრელტყავა.

ქვეწარმავლებიდან გამორჩეულია დარევსკის გველგესლა – სახეობა, რომელსაც უმაღლესი კატეგორია აქვს მინიჭებული IUCN-ის წითელ ნუსხაში.

ფრინველებიდან გავრცელებულია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი, კავკასიური როჭო და კასპიური შურთხი, ასევე, გლობალურად გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ფასკუნჯი და ბექობის არწივი.

თევზებიდან აღსანიშნავია საქართველოს წითელი ნუსხის სახეობა – ნაკადულის კალმახი,“ – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

019 წელს დაცულ ტერიტორიების საერთო მოცულობა 10% ით გაიზარდა, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი. სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს 2020 წელს 100 ათასი კვადრატული მეტრით გაზარდოს დაცული ტერიტორიების გაფართოება. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში და რომელიც მნიშვნლოვანი იქნება როგორც ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ისევე წითელი ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის.

გარდა ამისა, მოხდება ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 კვადრატული მეტრით, რაც იმას ნიშნავს, რომ  ეს უნიკალური ტერიტორია კიდევ უფრო კარგად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი