ICMPD ENIGMMA 2-ის გუნდმა, იტალიაში საქართველოს საელჩოს, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი შეიმუშავა.
გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში მიგრაციის სფეროში არსებული კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.
“ძლიერ და ინფორმირებულ დიასპორას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს, როგორც წარმოშობის, ისე ბინადრობის ქვეყნის განვითარებაში. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA 2) – გადაწყდა გზამკვლევის შემუშავება იტალიის მიგრაციის კანონსა და რეგულაციებზე. მისი მიზანია იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის ინფორმირება ბინადრობის წესებისა და პროცედურების შესახებ. პროექტი 2017 წლის სექტემბრიდან ხორციელდება მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის მხარდაჭერა” – აღნიშნავენ გზამკვლევის ავტორები.