ქართველ მსახიობთა ჯგუფი აჭარაში კინოგადაღებაზე იმყოფებოდა. სასაზღვრო რაიონში მგზავრობისას მსახიობები ერთობოდნენ, ოხუნჯობდნენ.
ბოლოს სანდროს გაღიზიანება გადაწყვიტეს, რაკი იცოდნენ, მას ბავშვით სწყინდა თუ პოპულარულ მსახიობთა შორის არ დაასახელებდნენ, ხუმრობაც სწორედ აქეთ წარმართეს.
_ ვინ არის ჩვენში ყველაზე ცნობილი, პოპულარული მსახიობი? ვინ უფრო უყვარს ხალხს? – სერიოზული სახით იკითხა ერთმა…
ზოგმა ვინ დაასახელა და ზოგმა ვინ. სანდროს განგებ გვერდი აუარეს – არავინ ახსენა. ეს ძაილან ეწყინა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
ამასობაში სასაზღვრო ზონაში გუშაგმა გააჩერა ავტობუსი და საშვი მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ საერთო საშვი, მეორე მანქანით წამომსვლელებს ჰქონდათ. ბევრი ეხვეწნენ გუშაგს, მსახიობები ვართ, გაგვატარეთ, საშვს ცოტა ხანში მოგიტანენო, მაგრამ ამაოდ.
_ გუშაგმა უპასუხა: “მე რავიცი შუბლზე კი არ გაწერიათ, რომ მსახიობები ხართ, მე საშვი მჭირდება, – კატეგორიული ტონით განაცხადა მესაზღვრემ და ის იყო, გაბრუნებას აპირებდა, რომ სანდრომ გამოიხედა ავტობუსის ფანჯრიდან.
_ გეთაყვა, გვაგვიანდება, გაგვატარეთ – მიმართა სანდრომ ჯარისკაცს.
სანდროს დანახვაზე მესაზღვრეს სახე გაებადრა. ახლა კი მჯერა, რომ მსახიობები ხართ – გაიცინა მან – ეს ხომ ჟორჟოლიანია, ცნობილი კომიკოსი -თქვა და უცბად გულიანად ახარხარდა, (დარიკოში) როგორ შეძვრა საღორეში…
მერე შლაგბაუმი აუშვა და ხელით მიმართულება უჩვენა ავტობუსის მძღოლს – მიბრძანდით!
სანდრომ თავი მაღლა ასწია და ამაყად გახედა მეგობრებს.
– თქვე საწყლებო, მადლობა მითხარით! ვინ იცნო ამ რუსმა მესაზღვრემ – მე თუ თქვენ? საღამომდე აქ იდგებოდით!
ხომ გაიგეთ ახლა, ვინ არის ყველაზე პოპულარული მსახიობი!..