„გაბედე ოც-ნება და არასოდეს დანებდე“ 

„ცნობილი ვეგასელი  პროდიუსერი, სტივენ ლეროი (მსახიობი – ვინსენტ პერესი) -რომლის ოჯახიც გასულ საუკუნეში საქართველოდან ემიგრირდა,  ჯუთაში გადაღებულ ხევსურული ცეკვის ვიდეოს ნახულობს და შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი გადაწყვეტს,  რომ  საქართველოში ჩამოვიდეს და ქართველ მოცეკვავეებთან ერთად ახალი, გრანდიოზული შოუ დადგას.

სტივენი მეგობრის  მეშვეობით უკავშირდება შიოს (მსახიობი – გიორგი მეგრელიშვილი), რომელიც   მას თბილისში მოცეკვავეთა შერჩევაში ეხმარება და ფინანსური მხარდაჭერისთვის შეახვედრებს გამოჩენილ მეღვინეს, ქართლოს ქართველიშვილს (მსახიობი -რეზო ჩხიკვიშვილი), რომელიც  ქართული ღვინის უძველესი წარმომავლობის ფაქტებს იკვლევს.  

სოფელ იმირში, გადაჭრილი გორისა და შულავერის გორის ექსპედიციისას, ისინი ერთად აღმოაჩენენ ღვინის ნალექებსა და ყურძნის წიპწებს თიხის ნატეხებზე, რითაც დასტურდება, რომ ქართული ღვინო მინიმუმ 8000 წლისაა.

ისინი ერთობლივად ცდილობენ ყველა სიძნელის გადალახვას, რათა შექმნან ჯერ არნახული ქართული ცეკვის შოუ – სახელწოდებით “საქართველო – Sakartvelo”, რომლის წარმოდგენასაც „ბლექ სი არენა“-ზე გეგმავენ.

ფილმს თან გასდევს სტივენის შვილის, მირეისა  და მოცეკვავე გიორგის ერთი ნახვით შეყვარების შემდეგ დაწყებული,  თავგადასავლებით სავსე სიყვარულის ლამაზი ისტორია.“

ესაა მთავარი ამბავი ფილმისა, რომელსაც მაყურებლისათვის სულ სხვა რამის თქმა სურს – ფილმ-მიუზიკლი „საქართველო“ იქნება ქართული ცეკვის, სიმღერისა და უძველესი მეღვინეობის წარმოჩენის საუკეთესო საშუალება.

 „საქართველოს სავიზიტო ბარათი“ ანუ ამბავი იმის შესახებ, რით განსხვავდება საქართველო არა მარტო ამერიკის შტატ ჯორჯიისაგან, არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოსაგან, რატომ არის ქართული ცეკვა გამორჩეული და 8000-წლიანი ტრადიციით ქვევრში დაყენებული ღვინის გემო – ასეთი განსაკუთრებული, რა პოტენციალი აქვს საქართველოს და რით უნდა ვიამაყოთ.

ყოველივე ამის  ერთ ფილმად ქცევა და გადაღება ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაწყვიტა – უპრეცენდენტო პროექტი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ანალოგი არ ეძებნება, 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს. თუმცა, მანამდე გრძელი და რთული გზაა –   ფილმის მილიონნახევრიანი ბიუჯეტი მთლიანად სამოქალაქო აქტიურობის შედეგად უნდა შეიკრიბოს.

2020 წელი ლეგენდარული წელი უნდა იყოს – დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი რამ მოხდება ამ წელს. რიცხვი 20 არის კავშირში ოცნებასთანაც… ყველა ერს ათობითი თვლის სისტემა აქვს –  ჩვენ კი 20-ებით ვითვლით. ეს არის ჩვენი ცნობიერების ნაწილი, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ. მგონია, რასაც არ მიაქცევ ყურადღებას, საპასუხოდაც არაფერს მოგცემს. ჩემი საქმიანობითაც ამას ვცდილობ, ქართველებსა და უცხოელებს მივაქცევინო ყურადღება იმ განსაკუთრებულ დეტალებზე, რომლებიც კარგად და ღირსეულად წარმოგვაჩენს მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე თუ ადამიანთა ცნობიერებაში. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, ვინ ვართ, რა ფუნქცია გვაქვს და რისთვის ღირს ცხოვრება და მოღვაწეობაამბობს ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი, ნიკოლოზ ხომასურიძე „ქართულ კვირასთან“ საუბარში.

იგი, რამდენიმე წელია, აშშ-ში საქმიანობს და ოკეანის მიღმა აკეთებს ქართულ საქმეს. მისი კომპანია, გარდა იმისა, რომ ფილმებს იღებს და  ეროვნულ ისტორიებს აცოცხლებს, ჩართულია სხვადასხვა პროექტში და უცხოური პროექტების საქართველოში წარმოებას უწყობს ხელს – ჯგუფი ეხმარება კომპანიებს, ფილმების, მუსიკალური და სარეკლამო რგოლების გადაღებაში.

ასევე, ქართული  კომპანიების სარეკლამო რგოლებისათვის მათ უცხოელი, ცნობილი მსახიობები ჩამოჰყავთ. მაგალითად, ამ ჯგუფმა თიბისი ბანკის სარეკლამო რგოლისათვის ჯეისონ ფლემინგი, “ინბოქსისათვის” – ვინი ჯონსი და ლუდ “რაგნარისსარეკლამო რგოლში მონაწილეობის მისაღებად  დოლფ ლუნდგრენი ჩამოიყვანა.

როგორც რეჟისორმა კი საქმიანობა აშშ-ში დაიწყო და ლოს-ანჯელესის კინოსკოლის დასრულების შემდეგ, საკუთარი პირველი ფილმი, სადიპლომო ნამუშევარი – „დიდგორი – თავგანწირულ რაინდთა სამშობლო“ გადაიღო. მას შემდეგ პატრიოტულ და ეროვნულ თემატიკას მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს.

„მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, ბედნიერი ვარ, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში. შესაბამისად, მინდა, რომ ჩემი ქვეყნის მიმართ არსებობდეს პატივისცემა და ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიყოთ ამაყები ჩვენი კულტურით და პატივი ვცეთ საკუთარ ქვეყანას – ამისათვის ეროვნულ პროექტებს უნდა მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს. დღევანდელ მსოფლიოში ყველა ერი ცდილობს, რაც შეიძლება კარგად და მასშტაბურად წარმოაჩინოს საკუთარი ქვეყნის ისტორია და კულტურა. ჩვენ ძალზე ბევრი გვაქვს სათქმელი მსოფლიოსათვის, რასაც, სამწუხაროდ, მხარდაჭერა არ აქვს. ასეთ პირობებში მუშაობა კი ურთულესია. თუმცა, მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, წვლილი შევიტანო იმაში, რომ რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს გმირების შესახებ დ რა თქმა უნდა, უცხოელებამდეც  მივიტანო მათი ამბავი“ – ამბობს ნიკოლოზი.

ფილმის გადაღებისათვის საჭირო რესურსებისა და ფინანსების ძებნის პროცესი დაწყებულია – რამდენიმე კომპანია უკვე შეუერთდა შემოქმედებით ჯგუფს, შეირჩნენ მსახიობები და ტექნიკური ჯგუფის წევრები. ამერიკიდან მოწვეულმა დამდგმელმა ოპერატორმა საქართველოს კუთხეები გადასაღები ლოკაციების შესარჩევად უკვე მოიარა.

 „საქართველოს რამდენიმე ქალაქში ფილმის ქორეოგრაფებთან  (გივი ხურციძე და ბაქარ ხინთიბიძე ) ერთად უკვე გვქონდა შერჩევები, რომელთა დროსაც თითქმის ყველა კუთხიდან შევარჩიეთ 70-მდე მოცეკვავე, როგორც სახელმწიფო და ადგილობრივი, რეგიონული ანსამბლებიდან, ასევე  დამოუკიდებელი მოცეკვავეებიც. ჩემი აზრით, საუკეთესო გუნდი ავიყვანეთ, ზაფხულში რეპეტიციებიც გვქონდა. ასევე, დავამზადეთ კოსტიუმებისა და აქსესუარების ნაწილი.“

გარდა ამისა, გადამღებმა ჯგუფმა გარკვეული თანხის მობილიზება უკვე მოახერხა, გამოჩნდნენ კომპანიებიც, რომლებიც საშეღავათო პირობებით დაუთმობენ თავიანთ ტექნიკას „საქართველოს“. მზადების პროცესი მაისში უნდა დასრულდეს, რათა მაქსიმალურად მალე დაიწყოს გადაღებები – რეჟისორს სურს, ფილმი  საქართველოს სახელით ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების შესარჩევ კონკურსზე წარადგინოს.

პროექტი რომ ეროვნული მნიშვნელობისაა, ამაზე არავინ დავობს, თუმცა, საინტერესოა, რატომ არ აქვს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერა ფილმს, რომელიც საქართველოს „სავიზიტო ბარათად“ უნდა იქცეს.

„როდესაც შენი ქვეყნის კინოცენტრი მხარს არ გიჭერს,ვერცერთი ევროპული ქვეყნის კინოცენტრი და კინოფონდი ვერ დაგიჭერს მხარს – ასეთი სტრუქტურაა შექმნილი და შესაბამისად, მოკლებული ხარ ამ ფინანსურ რესურსს.

ვფიქრობ, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს საერთოდ არ ესმის, რა ძალა აქვს კინოს და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს კინოგანვითარებამ ქვეყნის განვითარებას. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ხდება, არის პროექტი „გადაიღე საქართველოში“, რომელიც „აწარმოე საქართველოშის“ ნაწილია და გულისხმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებული ფილმისათვის დახარჯული თანხის გარკვეული ნაწილი, 20-25% უკან უბრუნდება ჯგუფს. ძირითადად, ამ შეღავათით უცხოური პროექტები სარგებლობენ. კარგი ადამიანები უდგანან ამ მიმართულებას სათავეში და შესაბამისად, ჩვენც ჩართულები ვართ  პროექტში.“

ნიკოლოზ ხომასურიძისათვის ეს არაა საკუთარი ძალისხმევითა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დახმარების გარეშე ფილმის გადაღების პირველი მცდელობა. „ექვთიმე ღვთისკაცი“  –  ისევ და ისევ რეჟისორის აქტიურობითა და მისივე მოძიებული ფინანსებით  „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის“,  ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ გადაღებული ფილმი 2018 წელს  იხილა ფართო აუდიტორიამ.

მომავალი რეჟისორის მთავარი ინსპირაცია რეზო თაბუკაშვილის „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ აღმოჩნდა: ეს ფილმი 9 წლის ასაკში  ვნახე და ასე გვიცანი ექვთიმეც. რაღაცნაირად ვალდებულად ვიგრძენი თავი მის წინაშე, მისი ღვაწლის წინაშე – დიდი ადგილი დაიკავა ჩემს გულში.  როცა  კინემატოგრაფიაში წავედი, გადავწყვიტე, მისთვის ჩემი წილი „ვალი“ გადამეხადა და ასე გამომეხატა ჩემი სიყვარული და პატივისცემა.ბატონმა რეზო ჩხიკვიშვილმა გააცოცხლა ექვთიმე თაყაიშვილი და მინდა უდიდესი გულითადი მადლიერება გამოვხატო ექვთიმეს ფილმის თითოეული მხარდამჭერის მიმართ. ჩვენ ვართ ექვთიმეს ლაშქარი.”

3-წლიანი მუშაობის შედეგად გადაღებული ფილმი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა  – მაყურებელი დიდი ინტერესით მიუდგა ამ პროექტს – ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა არა მარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით – დაახლოებით 93 (93-ე ჩვენება ნიუ-იორკში შედგა) ჩვენებაზე კინოთეატრებს მიღმა, გარდა ამისა, ფილმი გადიოდა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოთეატრებში.

როგორც რეჟისორი ამბობს, მხოლოდ ამ ფილმის შემდეგ უწოდებს საკუთარ თავს „კინოშემოქმედს“ – მანამდე ყველაფერი ვარჯიში იყო. თუმცა, იგი ახლაც სწავლობს – მისი ყველა პროექტი ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და ფინანსების შეგროვების მცდელობაა მთავარი ფილმისათვის, რომელიც კვლავ „დიდგორი“ იქნება – ამჯერად სრულმეტრაჟიანი.

„ვფიქრობ, ფილმ „საქართველოს“ შემდეგ უკვე გვექნება გამოცდილება, ნდობა და საჭირო კონტაქტები, რომ გადავიღოთ დიდგორი, დავძლიოთ ამგვარი დიდი პროექტი.

დიდგორამდე ასე უბრალოდ ვერ მიხვალ –  როგორც ძალოსანი ემზადება ნელ- ნელა პატარა სიმძიმეების აწევით, ასევე ვვარჯიშობთ და ვემზადებით ჩვენც. ეს ფილმი იქნება გაცილებით მასშტაბური და დიდი ბიუჯეტის მქონე, რომელსაც, რაც არ უნდა ფული გქონდეს, ვერ გადაიღებ თუკი არ გექნება გამოცდილება.

როგორც კი „საქართველოს“ გადაღებას მოვრჩებით,  სერიოზული ნაბიჯების გადადგმას  დავიწყებთ იმისათვის, რომ ეს ფილმი შედგეს. 2021 წელს 900 წელი გავა  დიდგორის ბრძოლიდან და მინდა, რომ სიმბოლურად ამ დღეს დავიწყოთ გადაღებები.

მანამდე კი „საქართველოს“ გადასაღებად საჭირო თანხის შეგროვება და რესურსების მობილიზებაა საჭირო.”

თუკი ყველაფერი განსაზღვრული გრაფიკით წარიმართება, მაყურებელი 2020 წლის შემოდგომაზე იხილავს „საქართველოს“ – ფილმ-მიუზიკლს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, თანამედროვეობასა და ამ თანამედროვეობაში არსებულ გამოწვევებს, ჩვენ გვედრით მცხოვრებ გმირებს გააცნობს ფართო აუდიტორიას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ფილმს ნამდვილად აქვს პოტენციალი „საქართველოს სავიზიტო ბართად“ იქცეს, ერთადერთი, რაც მას ამისათვის სჭირდება, თანადგომაა.

“ამ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს ფილმ “საქართველოს” ერთ-ერთი სცენის გადაღება და 10 მარტიდან ვიწყებთ მასშტაბურ 3 -თვიან კამპანიას და ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად შევაგროვებთ ამ ფილმის შესაქმნელად საჭირო თანხას. იმიტომ, რომ  #ქართულიცეკვაგვაერთიანებს.”

 

თამუნა ზარანდია