კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი საფრთხის გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. საელჩოს ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია იმის შესახებაც, როგორც უნდა მოიქცნენ ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ.
“მოქალაქეთა თანამშრომლობა ფუნდამენტურია კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად!
ლომბარდიის რეგიონის მითითებები:
მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ლომბარდიის რეგიონის კომუნებში (21 თებერვლის განკარგულებაში მითითებული კომუნები), და აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები, არ უნდა მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, არამედ უნდა დარეკონ რეგიონის ცხელ ხაზზე 800.89.45.45
ან 112-ზე ან საერთო ინფორმაციის გასაგებად 1500-ზე.
ვენეტოს რეგიონის მითითებები:
მოქალაქეებმა, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან აქვთ მსუბუქ ფორმებში, როგორიცაა სიცხე ან/და ხველა რესპირატორული გართულებების გარეშე, არ უნდა დარეკონ 118-ზე და არ უნდა მიმართონ საავადმყოფოს. უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე – 800.46.23.40.
ეჭვისა და ვარაუდის დროს დარეკეთ 1500-ზე, სიმპტომების აღმოჩენისას არ მიმართოთ საავადმყოფოს! დარეკეთ 118-ზე!” – წერია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.