საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში ამ თემაზე დაცული მრავალფეროვანი მასალა – ფოტო, წერილობითი და კინოდოკუმენტები.
საგამოფენო ექსპონატები ასახავს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესს. დამთვალიერებელი იხილავს საბრძოლო მოქმედებებისა და წვრთნების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პირების ფოტოებს; სამხედრო თემატიკაზე გამოცემულ გაზეთებს, ქვეითების შეიარაღების ნიმუშებს, შაშხანებს, რევოლვერებსა და ტაბახმელაში იუნკრების პოზიციებზე ნაპოვნ ვაზნებს.
ექსპოზიციის მიზანი საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის სამხედრო ისტორიის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდაა.
ექსპოზიცია 7 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.