ფრანგულ-გერმანულმა ტელეარხმა, Arte Tv-მ საქართველოს მაღალმთიან რეგიონს დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა. ფილმი ერთი ოჯახის ისტორიაა – ადამიანების, რომლებიც მხოლოდ ნახევარ ცხოვრებას ატარებენ თუშეთში, იქ არსებული გაუსაძლისი ზამთრის გამო.
“საქართველოს შორეულ მთიან მხარეში ერთადერთი გზა- უღელტეხილი მაშინ იხსნება, როცა თოვლი დნება. სწორედ გაზაფხულზე უბრუნდებიან თუშები თავიანთ სოფლებს და იქ მთელ ზაფხულს ატარებენ.
თუშეთისკენ მიმავალი გზა ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზაა მსოფლიოში.
შორეულ მთიან მხარეში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში, ჩეჩნეთთან საზღვართან, ხალხი გაყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს: ისინი ზამთარს ბარში, მაღალი კავკასიონის ძირში ან დედაქალაქ თბილისში ატარებენ. გაზაფხულობით კი ურთულესი გზის გავლით თუშეთს უბრუნდებიან. ასე იქცევა ქართველი სულიკო და მისი ოჯახი.
სულიკო და მისი 11 წლის ვაჟი პირველები არიან, ვინც წელს პატარა სოფელ ილიაურში დაბრუნდა. სოფელში, სადაც 9 თვის განმავლობაში არავინ იყო, 20-მდე სახლს უკვე სარეველა მორევია. როგორც კი დანარჩენი ოჯახებიც დაბრუნდებიან, სოფელი სიცოცხლით აივსება.
აქ არც ელექტროენერგიაა და მით უმეტეს არც ინტერნეტი. კოცონთან მოყოლილი ისტორიები ტელევიზორს ცვლიან. საღამოობით უკრავენ სამსიმიან ფანდურზე და მღერიან მრავალხმიან ქართულ ფოლკლორს – სწორედ ეს აქცევს აქაურ ზაფხულს უნიკალურად”,- ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.
Arte.tv ცნობილი ფრანგულ-გერმანული სატელევიზიო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისიც სტრასბურგში მდებარეობს. ტელევიზია მსოფლიო მასშტაბით მოპოვებულ საინტერესო ფაქტებს სამი არხის საშუალებით აწვდის აუდიტორიას.