„ფესვედი“ – ქართველი დიზაინერების წარმატებული გზა კანადაში – ინტერვიუ კახა-ბერთან

“ფესვედი” –  ასე ჰქვია ორი ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ წარმატებულ  ბრენდს კანადაში. კახაბერსა და მარიტას საერთო ფესვები და საყვარელი საქმე აერთიანებთ. საქმე, რომლითაც ყველაზე უკეთ გამოხატავენ თავიანთ სათქმელს – ფესვედის კოლექციები ყოველთვის რაიმე განსაკუთრებულ თემას ეხება. მაგალითად, „კოლაფსი“, რომელიც ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრების განადგურების საშიშროებით გამოწვეული პროტესტის შთაგონებით შეიქმნა  ან „ელეფანტაზია“ – ბრაკონიერობის წინააღმდეგ არსებული კამპანიის ნაწილი.

ახალგაზრდა დიზაინერებს, რომელთა საქმიანობაზეც სხვადასხვა დროს იტალიური და ბრიტანული „ვოგი“ წერდა, ბევრი საინტერესო გეგმა აქვთ. მანამდე კი კახაბერი „ქართული კვირის“ მკითხველს უყვება, როგორია ოკეანის მიღმა, ქართულ „ფესვებზე“ შექმნილი ბრენდის წარსული და თანამედროვეობა.

“კოლაფსი” ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

_ უპირველეს ყოვლისა, თქვენს ბავშვობაზე მოგვიყევით, მოდა ყოველთვის გაინტერესებდათ ?

_ უფრო ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნები მიყვარდა: მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია და საინტერესო მასწავლებლებიც მასწავლიდნენ ამ საგნებს.

ხელოვნებას მამაჩემმა მაზიარა. პოეზია უყვარდა და ჩემშიც აღმოაჩინა ლექსის კითხვის ნიჭი. ჰამლეტ გონაშვილის სახელობის საქველმოქმედო კოლეჯში, რომელსაც “საქართველოს ბავშვები” ერქვა, მამა გასამრჯელოს გარეშე ასწავლიდა ფიზიკა-მათემატიკას, სადაც სახვითი ხელოვნების ჯგუფში შემიყვანა 6 წლის ასაკში.

ტკბილად მახსოვს ბიძაჩემის სიტყვები “ეს ბავშვი ნამდვილი მხატვარიაო” – როცა ჩემი ხატვის პროცესს შეესწრო. იატაკზე, მუცელზე დაწოლილი ვხატავდი როუზს, ფილმ “ტიტანიკში” ლეონარდოს მიერ კეიტ უინსლეტის ხატვით შთაგონებული. მაშინ წარუმატებლად დამთავრდა ეს მცდელობა, მაგრამ დიდ გამოწვევად იქცა, დამეძლია დაცემები და ყოველი წამოდგომა წარმატებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად ვაქციე.

 სულ რაღაც 3 თვე ვიარე მაშინ ხატვაზე. სამწუხაროდ 90-იანებში საქართველოს მაშინდელი მთავრობა “შესაშურად ზრუნავდა” მის მომავალ თაობაზე და ნიჭს ისეთ “ფართო გზებს” უგებდა, რომ ნიჭიერი ადამიანების უმეტესობამ საზღვრებს გარეთ დავიწყეთ წარმატების ძებნა.

“კოლაფსი” ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

_ როდიდან გაჩნდა ინტერესი მოდისადმი და რატომ გადაწყვიტეთ თქვენი საქმიანობა  სწორედ ამ სფეროსთვის დაგეკავშირებინათ?

_ მე-9 კლასში გადავდიოდი, აგვისტოს თვე იწურებოდა, ერთ-ერთ ლამაზ საღამოს, სამუშაოდან დაბრუნებული დედაჩემი შემხვდა ეზოში, სადარბაზოსთან. ხელში ჟურნალი “სარკე” ეჭირა. განცხადება უნახავს ერთ-ერთი კოლეჯის, რომელსაც ახალი პროგრამა ჰქონდა დამატებული – სკოლის მოსწავლეებს პროფესიულ განათლებას სთავაზობდა, მათ შორის, დიზაინის შემსწავლელ კურსებსაც.  არ ვიცი, საიდან ახსოვდა,  მე რომ მიყვარდა ფეხსაცმლის ხატვა და მითხრა – “კახაბერ, შენ ხომ გიყვარს მოდა? განცხადებას მივაგენი მოდის შემსწავლელ კურსებზე და ხომ არ ჩააბარებ, დედაო?” ძალიან გამიხარდა, მომეწონა აზრი და ასე მარტივად დავთანხმდი. 1 წელი ვისწავლე იქ. მეორე წელს, სამწუხაროდ, დაიხურა ის კოლეჯი. ცოტა გულიც ამიცრუვდა, ნაწილობრივ სხვა ინტერესები გამიჩნდა და დიდი პაუზა მქონდა ამ სფეროში, სანამ მარიტა არ გავიცანი და ხელახლა არ მოვკიდე ამ საქმეს ხელი. 2013 წელს გავიცანი ახლა უკვე ჩემი ბიზნესპარტნიორი – მარიტა.

_ როდის და როგორ აღმოჩნდით კანადაში?

_ კანადაში 2003 წლის ბოლოს ჩამოვედი, მამაჩემი ცხოვრობდა და მან წამიყვანა უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად, უკეთეს გარემოში საცხოვრებლად, ვიდრე საქართველოში იმ პერიოდში გვქონდა. მოგეხსენებათ, კანადის მთავრობა ზრუნავს მის მოსახლეობაზე, რომ ისეთი გარემო შექმნას, სადაც ადამიანების ნიჭსა და შესაძლებლობებს გასაქანი ექნება.

 17 წლის ვიყავი, როცა კანადაში ჩამოვედი. ახლა რომ ვფიქრობ, ბავშვი ვიყავი. ინგლისური თითქმის არ ვიცოდი. სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი, ასე რომ,  ინგლისურის სწავლა ვერ შევძელი. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არც მქონდა ინტერესი და არ მიყვარდა არც ინგლისური და არც  სხვა უცხო ენები, განსაკუთრებით რუსული.

ტორონტოს მოდის კვირეული

_ რა ეტაპების გავლა დაგჭირდათ საკუთარი ბრენდის შექმნამდე და როგორ გადალახეთ სიძნელეები?

_ 2013 წელს მარიტა მიიწვიეს ვანკუვერის მოდის კვირეულზე. იმდენად მაღალი დონის კოლექცია ჰქონდა შექმნილი, დააფინანსა ვანკუვერის მოდის კვირეულის დამაარსებელმა, ჯამალ აბდურაჰმანმა თბილისელი უნიჭიერესი დიზაინერი მარიტა მამუჩაშვილი.  მე ვუმასპინძლე მარიტას ვანკუვერში.

_ როგორ შეიქმნა თქვენი ბრენდი ?

_ მე და მარიტას ბევრი საერთო აზრი და ხედვა აღმოგვაჩნდა მოდასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი საუბრისას გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ბრენდი და გაგვეკეთებინა კოლექცია. 2014 წელს შევქმენით ჩვენი პირველი ერთობლივი კოლექცია- North American Native Art. ჩრდილოამერიკელ ადგილობრივებს, რომელსაც ინდიელებად მოვიხსენიებთ, ძალიან საინტერესო მიმართულება აქვთ ხელოვნებაში, რაც ჩვენი კოლექციის შთაგონების წყაროდ იქცა. დიდი დოზით სპირიტუალიზმს მოიცავს, სიმბოლიზმის დეტალებს შეიცავს, მათ კულტურაზე საუბრობს. ეს კოლექცია  ვანკუვერის კვირეულზე ამავე წელს წარვადგინეთ.

გამოგიტყდებით და არ მეგონა, თუ ასეთი შრომატევადი შეიძლებოდა ყოფილიყო კოლექციის შექმნა. ვფიქრობდი, დავხატავდით, მივიტანდით კონსტრუქტორებთან და ასე, თავისით შეიქმნებოდა კოლექცია. მერწმუნეთ, ძალიან შრომატევადი საქმეა დიზაინერობა, თუ კი ამას ბიზნესად აღიქვამ და შენი მოღვაწეობის ბრენდად ქცევა გინდა. ამასთან ერთად, ერთგვარი აზარტია.  ჩვენს პირველ კოლექციას მოჰყვა ჩვენი შემდგომი ორი კოლექცია, “კოლაფსი”, რომელიც ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრების განადგურება-გაქრობის საშიშროებით გამოწვეული პროტესტისა და სიბრალულის გრძნობით გამოწვეული შთაგონებით შეიქმნა და შემდგომი კოლექცია- “კანადის თანამედროვე არქიტექტურა”. ეს ხომ ჩემი თაობის ქართველების “ამერიკან დრიმს” წარმოადგენს. ჩრდილოამერიკული ცათამბჯენები ჩემთვის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე.

ქაღალდის კაბა კაშმირის კვირეულზე

_ რატომ შეარჩიეთ ბრენდის სახელად „ფესვედი“ ?

_ გვინდოდა, ბრენდის სახელი  ქართული ყოფილიყო. ჩვენი ბრენდის სახელწოდების მთავარი არსი  მდგომარეობს იმაში,  რომ სიტყვა “ფესვედიგანიმარტება,  როგორც მეფეების, ასევე დიდებული ქალის სამოსი.  აქედან გამომდინარე, ჩვენი კონცეფცია   ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქციის  მაღალ ხარისხს გულისხმობს. გარდა ამისა,  არ გვინდოდა,  ჩვენი ბრენდის სახელი უცხოენოვანთათვის რთულად წარმოსათქმელი ყოფილიყო. ამასთანავე,  “ფესვედი” ძალიან ჰგავს ფესვებს, ჩვენ ორივე  ხომ ერთი ფესვიდან –  საქართველოდან ვართ.

_ მოგვიყევით მეტი თქვენი საქმიანობის შესახებ…

_ ვმუშაობთ ჩვენს მიერ მოფიქრებულ და შემუშავებულ მოდელებზე. ჯერ არის იდეა, შემდეგ იხატება ესკიზი, ხოლო მომდევნო და  დამაგვირგვინებელი ეტაპია ამ ყველაფრის  გაცოცხლება – რეალიზება. ყველა ჩვენს ნამუშევარში კარგად ჩანს  ნაფიქრი, აზრი. შეიძლება ითქვას, რომ შორს ვართ მარტივი, ზედაპირული მიდგომებისგან.  ამ ეტაპზე ძირითადად ქალის სამოსის ყველა ტიპის ასორტიმენტზე ვმუშაობთ, შეზღუდვები არ გვაქვს, თუმცა სამომავლოდ  კაცის ხაზის განვითარებასაც ვაპირებთ.

კოლექციები, მათ შორის ქართული, ტაო-კლარჯეთის თემატიკაზე შექმნილი კოლექცია “კოლაფსი” გატანილი გვაქვს როგორც ვანკუვერის, ტორონტოს, ასევე ნიუ-იორკის მოდის კვირეულებზე, სადაც საკმაოდ დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა  არაერთი ბრიტანული, კანადური თუ ამერიკული პრესტიჟული ბლოგის,  გამოცემის  მხრიდან. აღსანიშნავია,  მათ შორის, ბრიტანული და იტალიური “Vogue”-ც.   სხვადასხვა პროექტის განხორციელების არაერთი შემოთავაზება გვქონია, როგორებიცაა “ელეფანტაზია”, რომელიც სპილოების უკანონო ჟლეტისა და მათი ძვლების გამოყენების წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ მოძრაობაში მდგომარეობს და კაშმირის კვირეული, რომელიც წარმოადგენს მკერდის კიბოს წინააღმდეგ არსებული კამპანიას, რომელშიც დიზაინერები მსოფლიო დონის ქაღალდის მწარმოებელი კომპანიის, კაშმირის ქაღალდისაგან ქმნიან საღამოს კაბებს, რაც ერთგვარ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს.  შეიძლება ითქვას, დაინტერესება დიდია და ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ ბრენდის უკეთ განვითარებისა და პროგრესისათვის.

“ელეფანტაზია” – ვანკუვერის მოდის კვირეული

_ რა ადგილი უჭირავს თქვენს საქმიანობასა და შემოქმედებაში საქართველოს ?

_ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ბრენდის შემოქმედებაში საქართველოს წამყვანი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პირველი და აღსანიშნავი ბრენდის ქართული სახელწოდებაა,  აგრეთვე,  ქართული მოტივებია შეტანილი ჩვენს ნამუშევრებში და სამომავლოდაც ვაპირებთ ჩვენს შემოქმედებაში ქართული საინტერესო საკითხების წინ წამოწევას. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. სამწუხაროდ, ხდება ისიც, რომ უცხოელებისთვის Georgia მომენტალურად ამერიკის შტატთან ასოცირდება. ჩვენ ვცდილობთ,  ჩვენი შემოქმედებით წვლილი შევიტანოთ საქართველოს უკეთ გაცნობასა და წარმოჩინებაში.

_ რის თქმა გსურთ მოდაში ?

_ თუ საინტერესო არ ხარ, რაიმე ღირებულს და ახალს არ ქმნი, ვერც მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ სიტყვას ვერ იტყვი. ეს ასეა არამარტო მოდის, არამედ ნებისმიერ სფეროში. ინდივიდუალიზმი არის მთავარი მოდაში. ჩვენი სურვილი და მცდელობაა განსხვავებული ხედვის,   იდეების, ჩანაფიქრების,  ჩვენი ხელოვნების შემოტან ა- შეთავაზება. ამ მისწრაფებებისა და მცდელობების გარეშე შეუძლებელია სახელის დამკვიდრება მოდაში.

_ ქართველ მოდელებთან თუ თანამშრომლობთ და ზოგადად, თუ გქონიათ რაიმე ტიპის შემოთავაზებები საქართველოდან?

_ ქართველ მოდელებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჯერ-ჯერობით მხოლოდ  ფოტოსესიით შემოიფარგლება.

ცნობილ კანადელ ფეშენკრიტიკოს, ჯინ ბეკერთან ერთად

_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

_ სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, როგორც უკვე აღვნიშნე, არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, რომელიც მომხმარებლის აბსოლუტურ კომფორტზე იქნება გათვლილი.

ახლახან გავხსენით სამკერვალო. ვგეგმავთ, კოლექციები საკუთარ ატელიეში ვკეროთ, წარვადგინოთ მოდის კვირეულებსა და ტრეიდშოუებზე, შევხვდეთ ცნობილი მაღაზიათა ქსელების ბაიერებსა და გაყიდვების მენეჯერებს, შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი და დავიპყროთ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი. რა თქმა უნდა, მომდევნო ეტაპზე ევროპასა და აზიასაც ვეწვევით და გავაფართოვებთ გაყიდვების სივრცის რუკას. უკვე მოგახსენეთ, რომ სათქმელი კიდევ ბევრი გვაქვს, სასაუბროც და შოუებისა და კვირეულების საშუალებით კიდე ბევრს ვიტყვით სხვადასხვა პუბლიკის წინაშე.

 

თამუნა ზარანდია