თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მეხანძრეებისთვის შექმნილმა „ჭკვიანმა ჩაფხუტმა“ ესტონეთის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე ყველაზე ინოვაციური კომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა.
„ჭკვიანი ჩაფხუტი“ მეხანძრეებს დაკვამლიანებული ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გამოსვლაში ეხმარება – ჩაფხუტი წინაღობას აღიქვამს, მეხანძრეს წინასწარ აფრთხილებს და შესაბამისად, მათ დაშავება-სიკვდილიანობას ამცირებს.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთის საერთაშორისო მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვა ტალინში 5-11 თებერვალს იმართება და ფინეთის, შვედეთის, ინგლისისა და ლატვიის მოსწავლეთა კომპანიებთან ერთად, მასში თბილისის N175 და ბათუმის N16 საჯარო სკოლები მონაწილეობენ.
ქართველი მოსწავლეები უცხოეთში არჩევითი საგნის – მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში იმყოფებიან, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 251 საჯარო სკოლის 6500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. „მოსწავლეთა კომპანიები“ სწორედ სასკოლო არჩევითი საგნის „მეწარმეობის საფუძვლების“ ფარგლებში ყალიბდება.