ცნობილი ბრიტანული გამოცემა, “dailymail” იმ უძველესი ნაგებობების სიას აქვეყნებს, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი უცნაური არქიტექტურით გამოირჩევიან, არამედ დღემდე არ ღალატობენ თავიანთ პირვანდელ დანიშნულებას და კვლავაც საცხოვრებლად გამოიყენებიან.
ამ სახლებს, გარდა სიძველისა, აგების მეთოდიც აერთიანებთ – თითოეული მათგანი ბუნებასთან წარმოუდგენელ ჰარმონიაშია და ოსტატურად ერწყმის ლანდშაფტს. ზოგიერთი მათგანი მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი, რითაც ქართველებს ნამდვილად ვერ გაგვაკვირვებს, ზოგი კი საყრდენ კედლად იყენებს ბუნებრივ წარმონაქმნებს. თუმცა ის, რაც ვარძიისა და უფლისციხის მქონე ქვეყანაში მცხოვრებლებს ნამდვილად გაგვიკვირდება, მათ დროში ადაპტირებაა. სახლები თანამედროვე ცხოვრებისათვის აუცილებელ ყველა ინფრასტრუქტურას მოიცავენ, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ საქალაქო კომუნიკაციები და ელექტროენერგია.
“დეილი მეილის” სიაში პირველზე ადგილზე მატერაა – კლდეში ნაკვეთი ქალაქი იტალიაში, რომელიც 9000 წლით თარიღდება და ყოველწლიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს. 2008 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 60 000 ადამიანს აღემატება.
სოფელი ირანში, რომელიც შორიდან ჭიანჭველების ბუდეს მოგაგონებთ – „კანდოვანი“ ირანის „აღმოსავლეთი აზერბაიჯანის” პროვინციაში, თებრიზიდან 60 კმ დაშორებით მდებარეობს. აქ სახლები ვულკანური წარმოშობის კლდეშია ამოჭრილი.
Saltford Manor ინგლისში მდებარეობს და იგი დიდი ბრიტანეთში აშენებული უძველესი სახლია, რომელიც 1148 წლიდან მუდმივად დასახლებულია. სახლს ბოლო რეაბილიტაცია 1997 წელს ჩაუტარდა.
ნაკლებად ძველი, მაგრამ არანაკლებ მომხიბლავია უძველესი სახლი ავირონში, საფრანგეთში. სახლი მე -13 საუკუნით თარიღდება. ფერდობზე აშენებული სახლი გამორჩეულია იმით, რომ მისი პირველი სართული გაცილებით ნაკლებ ფართს იკავებს ვიდრე შემდეგი ორი. როგორც ამბობენ ეს განპირობებული იყო იმით, რომ იმ დროის საფრანგეთში უძრავი ქონების გადასახადი მიწის ზედაპირზე დაკავებული ფართობის მიხედვით იანგარიშებოდა. პატარა ქალაქის “ჭკვიანმა” არქიტექტორებმა კი ამ გზით გადასახადი დამალეს. მიუხედავად არასტანდარტულობისა, სახლი საკმაოდ მყარად ნაგები აღმოჩნდა და 8 საუკუნის შემდეგაც ფუნქციონირებს – პირველ სართულზე სუვენირების მაღაზიაა, მომდევნო ორი კი მის პირვანდელ, საცხოვრებელ დანიშნულებას ასრულებს.
The Monastery of Saints John and George of Choziba – მონასტერი პალესტინის ტერიტორიაზე მდებარეობს და დაახლოებით 480 წელს უნდა იყოს აშენებული. ადგილზე მართლმადიდებლური ღვთისმსახურება დღემდე მიმდინარეობს და მონასტერსაც მუდმივი მაცხოვრებლები, ბერები ჰყავს. ამ ადგილამდე მისვლა კი ტურისტებს საცალფეხო ხიდის მეშვეობით შეუძლიათ.
Kirkjubøargarður, ასევე ცნობილი, როგორც სამეფო ფერმა უძველესი ხის სახლია მსოფლიოში, რომელშიც დღემდე ცხოვრობენ. სახლი ფარერის კუნძულებზე მდებარეობს და დღემდე რეგიონში ყველაზე დიდ ფერმად ითვლება. ხის ნაგებობა თავდაპირველად საეპისკოპოსო რეზიდენცია გახლდათ, შემდეგ კი მასში სემინარია იყო განთავსებული.
იმის გამო, რომ კუნძულზე ხე არ ხარობს, იგი ძალიან ძვირადღირებულ მასალად ითვლებოდა. გადმოცემით, ფერმის ასაშენებლად ხე ნორვეგიიდან გემით ჩამოიტანეს.
ამ დროისთვის შენობაში მუზეუმია განთავსებული, თუმცა პატურსონის ოჯახის შთამომავლები, რომლებმაც სახლი 1550 წლიდან დაიკავეს – ჯერ კიდევ ცხოვრობენ სახლშ და ფერმასაც თავად უვლიან.
წმიდა პეტრეს ეკლესია ანტაკიაზე, თურქეთში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული მონასტერია, რომელიც მე-4-მე-5 საუკუნეებით თარიღდება. მონასტერს რესტავრაციას 2015 წელს ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი უსაფრთხო გახდა როგორც ღვთისმსახურებისათვის, ასევე ბერების საცხოვრებლად.
რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი", კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ენდობიან.