იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თეონა ჭანტურია “ქართული კვირის” მკითხველს საკუთარ ჩანახატს უზიარებს. თავად ემიგრანტის თვალით დანახული ცხოვრება უცხო ქვეყანაში და მონატრება, რომელიც არასდროს ნელდება. როგორ და რატომ მიდიან ქალები ოჯახისა და ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებამდე და რა სირთულეების გავლა უწევს თითოეულ მათგანს:
“კითხვა დამისვა ერთმა დიდებულმა ქალბატონმა ასეთი – რატომ მიდიანო ქალები ემიგრაციაში? შორიდან ემიგრანტების ოჯახებს როცა ვუყურებდი, ან თავად ემიგრანტების ფოტოებს, ვფიქრობდი, მართალია, ენატრებათ აქაურობა თავისუფლება, შვილები, თუმცა არაფერი აკლიათ არც იქ, სადაც არიან და არც აქ მათ შვილებს-მეთქი.
ვიტყოდი, წავალ მეც და საშველი გაგვიჩნდება-მეთქი, პირველად მოუმზადებელი შვილი რომ უმაღლესში ჩასაბარებელ გამოცდაზე ჩამეჭრა, ჩემი თავი დავწყევლე, უვარგისი დედა ვარ-მეთქი…
მოყვა ყველაფერს ამის შემდეგ პრობლემები,შვილის გაღიზიანება, ჯარიც მოგვადგა – აქაოდა, გამოვიძახეთ და გამოცხადდითო. უფლის წყალობით, სამუშაო კეთილმა ადამიანმა დააწყებინა და წონის გამო, არც ჯარში წაიყვანეს. ასე გაგვქონდა თავი, შვილის ხელფასის შემყურეს. ჩემი ანაზღაურება ხომ სამსახურში სასაცილო იყო, გადასახადებს აღარ ჰყოფნიდა, მოვითხოვდი, გავაკრიტიკებდი და დაიწყებოდა კასკადი საყვედურებისა და თითის დაქნევა ზემოდან ,იმ გაფრთხილებით, რომ ენა ჩამეგდო მუცელში. თურმე, საკმაოდ გრძელი ენა მქონდა.
გოგონა მეშვიდე კლასში რომ გადავიდა გადავიდა, მასაც რეპეტიტორის დახმარება დასჭირდა უცხო ენაში, ბევრი სხვა რამ ოჯახში არსებობისთვის საჭირო იყო. არ ვიცი, თავი გაჭირვებით გაგვქონდა სამივეს, აქაურ ცხოვრებას რომ ვუყურებ, გული მისკდება,როგორო დიდი საფიქრალია, რას კერძს მოამზადებენ ყოველდღიურად – მე ოღონდ რამე მომემზადებინა შვილებისათვის კვირიდან კვირამდე, სადისკუსიო თემად ნამდვილად არ განიხილებოდა ოჯახში ეს ყოველივე.
ზაფხულიც მოვიდა და გადავწყვიტე სესხი გამომეტანა და სახლი ცოტა შემელამაზებინა,ხელოსნები მოვიყვანეთ და არაფერი გაგვაჩნდა,ისევ დავამატე მეორე სესხი, შელამაზებას ვინღა დაეძებდა, დამრჩა გალესილი კედლები და გალესილი ბანკის ვალები…
შევშინდი,შემრცხვა შვილის და მეორედ მოვკვდი, ჯიბეში არაფერი დავუტოვე ჯამაგირიდან და მაინც არაფერი გვეყო, მოვიძიე მეგობრები, ახლობლები და მოულოდნელად თვითმფრინავის ბილეთიც ვიყიდე. გაუაზრებლად, გულდამძიმებულმა, იმის ფიქრში ხომ არ მოვკვდები, სხვებივით მეც გავუძლებ-მეთქი.ყველა მეუბნებოდა, იცოდე დიდხანს არ დარჩეო,შვილები ჩუმად ტიროდნენ, გოგო ისე განიცდიდა ბილეთი დავმალე, რომ არ ენახა… მე დავდიოდი ჩემს ქალაქში და ვფიქრობდი, უფალო, ნეტა მალე დავბრუნდებოდე ისევ აქ ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში, ჩემს ახლობლებში, მე ხომ ცოცხალი-მკვდარი ვიქნები ჩემი ხალხისთვის, მე ვერსად დამინახავენ სკაიპის გარდა-მეთქი…
შვილები დედასთან გაუშვი და ფსიქოლოგიურად მარტოობას მივეჩვიე, ჩემი ქოთნის ყვავილები დამენანა, ფანჯრებზე რომ მქონდა კოპწიად დაწყობილი – მეზობელს გავატანე ცრემლიანი თვალებით, ისიც ტიროდა… ძაღლი დამენანა, უბეში გაზრდილი შვილივით მიყვარდა, ისიც საყვარელი ადამიანების ოჯახში დავტოვე, შვილის სკოლაში მასწავლებლებს დავემშვიდობე, შვილი ჩავაბარე – ისინიც ტიროდნენ ჩემთან ერთად, სამსახურში ორმოცდახუთივე თანამშრომელს ჩავეხუტე და ორმოცდახუთივე ჩემთან ერთად ტიროდა, კარი გამოვკეტე და გამოვედი...
დილით მე და დედა მამის საფლავზე ვისხედით და იქაც გულიანად ვტიროდით, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდით, მინდოდა, მეყვირა ხმამაღლა, რომ მე წასვლა არ მინდოდა… მინდოდა, მამას გაეგონა იქ, სადაც იყო. მინდოდა, მეყვირა, რომ არ მინდოდა მისი საფლავის მიტოვება, ჭაღარა დედის მიტოვება, შვილების მიტოვება, დების მიტოვება,მაგრამ მაიძულეს… მაიძულა ცხოვრებამ.
სანამ გავბორიტევულვარ უნდა წავიდე-მეთქი, ვამბობდი და ის კი არ ვიცოდი, აქ, ემიგრაციაში ბოროტებასა და ტკივილს ათასმაგად რომ წავაწყდებოდი…
აი,რატომ მიდიან ქალები ემიგრაციაში და რა სტრესი აქვთ – გაუცხოება, მონატრება, ენის არ ცოდნა, სამსახურის ძიებაში ნახევრად სიკვდილი, მერე ახალ ოჯახთან შეგუება…
ენა არ მესმის… ღვთის წყალობით, ესენი მიხსნიან ყველაფერს, როგორც შეუძლიათ და ბებია რომ მეჩურჩულება, სანუგეშო მზერით ვხვდები, მამშვიდებს…
ასეთია ემიგრაცია და არა ისეთი, შორიდან რომ მეგონა – ადრე, სანამ ამ გზას დავადგებოდი