“სულ სხვაა უნივერსიტეტი: აქ მეცნიერება მთელის თავის მრავალმხრივობითა და მრავალფეროვნებით სუფევს: ყველა თავის მიმართულებით, სამეცნიერო გამოცდების და ხარისხების წყალობით. იქ ერთად მოღვაწეობენ სიცოცხლითა, ნიჭითა და გამბედაობით სავსე ახალგაზრდა მეცნიერნიც და სიბრძნის ბრძმედად გაკაჟებული განთქმული მეცნიერნიც,“- ივანე ჯავახიშვილი
საქართველოს, რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი – ფაზის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში, გელათისა და იყალთოს აკადემიები, სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრები პალესტინაში, სირიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში, პოლიტიკურ-ეკონომიკური დაუძლურებისა და ბოლოს რუსეთის კოლონიად გადაქცევის შედეგად, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღარ გააჩნდა ეროვნული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.
1918 წლის 8 თებერვალს კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი კი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, ფსიქოლოგიააში, ფილოსოფიაში, ენათმეცნიერებაში, ისტორიასა და აღმოსავლეთმცოდნეობაში. თსუ-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნას.
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 000 სტუდენტი სწავლობს, მოქმედებს 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის 24 უცხოენოვანი. 10 პროგრამა კი ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობას იძლევა. თსუ-ს ჰყავს 200 პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი 56 ქვეყანაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის და ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში (THE) შევიდა.