საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი მრავალი სახასიათო და განსაკუთრებული დეტალით გამოირჩევა. ეს დეტალები ქალაქს ძველისა და ახლის, ისტორიისა და თანამედროვეობის შეხვედრის ადგილად აქცევენ და დიდ ინტერესს აღძრავენ ადგილობრივ თუ უცხოელ მნახველებში.
ბევრი რამ თბილისის შესახებ კი კვლავ ფარდის მიღმა, ფართო აუდიტორიისათვის უცნობი რჩება. თბილისური ლაბირინთები, ვიწრო ქუჩები, ქვით ნაშენი სახლები და ხის აივნები, “იტალიური ეზოები” და არტ ნუვო – ყოველივე ეს აქცევს თბილისს განსაკუთრებული კოლორიტის მქონე, კოსმოპოლიტური ბუნების ქალაქად, რომლის იდუმალი სილამაზეც ყველაზე კარგად სწორედ დეტალებში ჩანს.
თბილისურმა ხის სახლებმა რესტავრაციის შემდგომ თითქოს დაიბრუნეს კიდეც ძველებური დიდება, თუმცა, ბევრი მათგანი დრომ და უკონტროლო მშენებლობებმა იმსხვერპლა, რამდენიმე სახლი კი დანგრევის პირასაა მისული. ბევრი ღირებული ნაგებობა დღემდე არცაა შემორჩენილი.
თბილისში გაცილებით მეტი რამაა სანახავი, ვიდრე ყველასათვის ცნობილი ღირსშესანიშნაობებია – ქალაქი ბევრ საიდუმლოს ინახავს, გამორჩეულ შენობასა თუ ადგილს, რომელთა უკანაც განსხვავებული და საინტერესო ისტორიები დგას.
ერთ-ერთი ასეთი შენობა აღმაშენებლის 36 ნომერში მდებარეობს. საკმარისია, კარები შეაღოთ, რომ მაშინათვე განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარემოში აღმოჩნდებით. მიუხედავად სიძველისა, შენობა დღემდე ინარჩუნებს უნიკალურ ხიბლს.
სახლი XIX-XX საუკუნეებში, ცნობილი ქველმოქმედისა და საზოგადო მოღვაწის, ერასტო ჭავჭანიძის მიერ აშენდა. როგორც იმ დროს აშენებული მდიდრული სახლებისთვის იყო დამახასიათებელი, ინტერიერი ოქროს ნიმუშებით არის მორთული. ჭერიდან ანგელოზები იყურებიან, ხოლო კედლები “ვეფხისტყაოსნის” ეპიკური სცენებითაა მორთული. ილუსტრაციები ზიჩისეულია.
უნიკალური ვიტრაჟი ბეთლემის ქუჩიდან დედაქალაქის არქიტექტურის კიდევ ერთი სამკაულია. ბეთლემის ქუჩაზე ეს ერთადერთი შენობაა ფერადი ფანჯრებით – უნიკალური სახლი მე-19 საუკუნით არის დათარიღებული და ლამაზი ფანჯრების გარდა, სახლს ხის მოჩუქურთმებული აივანიც ამშვენებს. 100 წლის შემდეგაც საუცხოოდ შემონახული ვიტრაჟები ტურისტებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობაა.
მეცხრამეტე საუკენის დასაწყისიდან მოყოლებული, სასტუმრო „ლონდონს“ გერმანელები ამუშავებდნენ, რიხტერების ოჯახი. უამრავი მოგზაური ახსენებს ამ სასტუმროს და მხოლოდ და მხოლოდ – დადებითად. რით იყო „ლონდონი“ გამორჩეული? – როგორც ამბობენ, მაღალი ხარისხის მომსახურებით, ოჯახური გარემოთი და რა თქმა უნდა, დახვეწილი ინტერიერით, რომლის დაკარგული დიდების ნაშთებიც დღემდე იწვევს მნახველთა აღფრთოვანებას.
ქართული “ჰოგვარტსი” – მე -19 საუკუნის ქალთა გიმნაზია სოლოლაკში – ეს უჩვეულო და საინტერესო აგურის შენობა შეგიძლიათ ძველი თბილისის რაიონში, სოლოლაკში იხილოთ. XIX საუკუნის ნეო-გოთიკური შენობა, ერთი შეხედვით, ჰოგვარტსსაც მოგაგონებთ. ეს არის ერთ – ერთი უძველესი სკოლის შენობა თბილისში, რომელიც არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის მიერ 1903–1905 წლებში გოგონათა გიმნაზიისთვის აშენდა. ამჟამად შენობაში მე-6 საჯარო სკოლაა განთავსებული.
ფირუზისფერი სახლი მოჩუქურთმებული აივნით რუსთაველის გამზირზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობის უკან მდებარეობს. სახლი არქიტექტორმა, კორნელი ტატიშჩეევმა 1897 წელს დააპროექტა, რომელიც რუსთაველის სახელმწიფო თეატრის არქიტექტორიც გახლდათ. მისი ფასადი ბაროკოსა და როკოკოს სტილის სინთეზია.
როგორც ამბობენ, სახლმა სტალინიც კი მოხიბლა თავისი უნიკალური სილამაზით – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობამ გაანადგურა რუსთაველის გამზირზე მრავალი ულამაზესი ნაგებობა და წესით, ეს სახლიც უნდა დაენგრიათ. სტალინს სახლის ფოტო ცნობილმა თერაპევტმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აჩვენა და თხოვა, დანგრევისგან გადაერჩინა იგი. ფაქტია, შენობა გადარჩა და დღემდე შემორჩენილია.
ცირა ელისაშვილი ფოტოები. ავტორი: თამუნა ზარანდია
რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი", კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ენდობიან.