ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედიასაშუალების, CNN-ის სამოგზაურო პლატფორმაზე – CNN travel საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატია მომზადდა. საქართველოს კურორტების, ბუნების, ტურისტული მიმართულების შემდეგ, CNN-ის სამოგზაურო პორტალი ქართულ კერძებს დაეთმო.
„საქართველოს საუკეთესო კერძები და ადგილები თუ სად უნდა დავაგემოვნოთ“ – ამ სათაურით ვრცელ სტატიას კულინარიის ჟურნალისტი, პოლ რიმფლი აქვეყნებს.
„ქართულმა კერძებმა და ღვინომ, რომელიც უნიკალურობით, ეგზოტიკურობითა და გემოვნებით გამოირჩევა, დღეს მსოფლიოს სუფრებზე სამართლიანად დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი და უდიდეს კულინარიულ საიდუმლოსაც ფარდა აეხადა. ამასობაში თბილისში კულინარიული რევოლუცია დაიწყო. შეფ-მზარეულებმა ქართული კერძების კონცეფციის ხელახალი განსაზღვრა დაიწყეს, ეს ეხება კერძების გემოს, მომზადების მეთოდებსა და სირთულეებს. დანარჩენ მსოფლიოსთან აქტიური კონტაქტის პარალელურად, საქართველოში ძველი კულინარიული ტრადიციების ხელახალი აღდგენა დაიწყო. შედეგად, საქართველოში კერძების დაგემოვნებისთვის არასდროს ყოფილა ისეთი საუკეთესო დრო, როგორიც დღესაა,“- წერს ჟურნალისტი, პოლ რიმფლი.
სტატიაში დეტალურადაა აღწერილი ქართული ტრადიციული კერძების მომზადების წესები, მათ შორის: ხინკალი, სხვადასხვა სახის ხაჭაპური, მწვადი, ღომი, ხარჩო, ჩაქაფული, კერძების დაგემოვნების წესები და ის რეგიონები, სადაც ეს კერძები მზადდება.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედიასაშუალებას, CNN-ის ტელევიზიას და ვებგვერდს წელიწადში მილიარდზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ჰყავს.