22 იანვარს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, პრესტიჟულ გალერეა Albin Upp-ში, თამარ ლომიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
როგორც „კვირას“ თავად თამარ ლომიძემ განუცხადა, ეს მისი მე-3 პერსონალური გამოფენაა ნორვეგიაში. გალერეაში 32 ნამუშევარი გამოიფინება.
„ერთი ნახატი ისე დავდე, ვეღარ დაეტია. ძალიან ბევრი ხალხი მოდის და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ტექნიკაა გამოყენებული და ასეთი ფერები მხატვრისგან იშვიათია, რადგან, ძირითადად, ერთ სტილში მუშაობენ… ძალიან მოსწონთ ყველა ნამუშევარი. გვაქვს ქართული ტკბილეული და ღვინო, ასევე, რასაკვირველია, სიმღერა ჩოხებით – პეტერ სიმონსენისა და სვენდ ვოგეს მონაწილეობით. გამოფენის განმავლობაში 2 დღე გამოვყავით ლექციისათვის. დაინტერესებულებს ქართულ ფოლკლორზე, კულტურასა და საქართველოზე უნდა ვესაუბროთ“, – ამბობს “კვირასთან” საუბარში თამარ ლომიძე.
გამოფენა, რომელიც 2 თებერვლამდე გაგრძელდება, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნორვეგიის სამეფოში, მაია ყიფშიძემ გახსნა.
პრესტიჟული გალერეა Albin Upp ოსლოს ცენტრში, მეფის სასახლესთან მდებარეობს.
.
წყარო: კვირა