ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მონაკოს სომელიეთა ასოციაციის წევრები ეწვივნენ.
„მსგავსი ტურები საუკეთესო შესაძლებლობაა ქართული ღვინის უნიკალურ კულტურას სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალები გაეცნონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ პრესტიჟულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, როგორიცაა მონაკო, სადაც ძალიან ბევრი ტურისტული აქტიობებია“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
ღვინის პროფესიონალების ჯგუფს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ენოლოგი, ქართული ღვინის პრომოუტერი ილია კახოიძე ხელმძღვანელობს, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს. ილია კახოიძე კომპანია „Le Pont Caucasien“-ის ხელმძღვანელია, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო, საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, 2015 წლიდან თანამშრომლობს.