2020 წლის 3 თებერვალს პასტერის ინსტიტუტი საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. კონფერენცია ცნობილი ქართველი მეცნიერის, დავით ფრანგიშვილისა და მისი კოლეგის, პატრიკ ფორტერის სამეცნიერო კარიერისა და მათი მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლის აღსანიშნავად მოეწყობა.
დავით ფრანგიშვილი ცნობილი ქართველი მიკრობიოლოგი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოსა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიების ინსტიტუტებში თბილისსა და მოსკოვში. 1991-2004წწ. მუშაობდა გერმანიაში – მაქს პლანკის საზოგადოების ბიოქიმიის ინსტიტუტსა და რეგენსბურგის უნივერსიტეტში. არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი და უძველესი მიკრობიოლოგიური ჟურნალის – “Research in Microbiology”-ს მთავარი რედაქტორი.