აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს ჰელსინკში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. ჩრდილოეთ ევროპის უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, “MATKA 2020” დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.
გამოფენაზე, რომელსაც საშუალოდ 64,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე შეხვედრებს მართავს ფინეთის ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის, წამყვანი მედიასაშუალებებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტების ფინურ ბაზარზე პოპულარიზაციის შესაძლებლობები განიხილება.
წელს, “MATKA 2020”-ზე საქართველო წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად დასახელდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წელს 28 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. მათ შორის, მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ბალტიისპირეთსა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.