ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ადამიანებისთვის.
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.