ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი, გიორგი ერისთავის ‘’გაყრა’’ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.
ამ პიესის ხელნაწერი არ შემონახულა, დაიბეჭდა 1850 წელს. ვიდრე თეატრში დაიდგმებოდა, მას ხელნაწერში კითხულობდნენ და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გ. თუმანიშვილის ცნობით: „…გაყრაში“ ავტორმა გამოხატა თავის თავი და თავისი ნათესავები, ნაცნობები…“ „გაყრის“ პირველ წარმოდგენაში თბილისის არისტოკრატია მონაწილობდა.
გიორგი ერისთავმა ხიდისთავში დაიწყო დასის ფორმირება და გარკვეული რეპეტიციებიც იქ ჩაატარა. მან გახსნა XIX საუკუნის პირველი თეატრალური სკოლა და ქართველი მსახიობების მომზადება დაიწყო. 1851 წლის სეზონი გახსნა ახალმა დასმა. თეატრთან მუდმივად თანამშრომლობდნენ საზოგადო მოღვაწეები, მწერლები.
აკაკი წერეთელმა დაწერა (1909-1910 წ. წ.) პოემა „ვორონცოვი“. ვასილ კიკნაძე წერს: „…ვორონცოვმა თავისი მოღვაწეობის ათი წლის მანძილზე დიდი სიკეთე გაუკეთა ქართველ ხალხს. ასეთი ღვაწლი რუსეთის იმპერიის მსახურს კი არა, ერთი გამოჩენილი ქართველი პატრიოტი მოღვაწის სახელსაც დაამშვენებდა!..“
1856-57 წლებში ქართული პროფესიული თეატრი დაიშალა. გიორგი ერისთავის თეატრი 1856 წლის ივნისში დაიხურა.
ქართული სასცენო ხელოვნების ახალი პერიოდი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია.
ქართული თეატრის აღმავლობა ორი დიდი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელებს უკავშირდება. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს.