ორჰან ბერიძე თურქეთში მცხოვრები მეოთხე თაობის ქართველია, მისი წინაპრები წლების წინ, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს გადასახლებულან აჭარიდან. მას შემდეგ თურქეთში მათი რამდენიმე თაობა გაიზარდა, თუმცა მათ არასდროს დაუკარგავთ ისტორიული სამშობლოსადმი სიყვარული, ქართული კულტურის პატივისცემა და ტრადიციები. დროში დაგაკრგულ ქართულ ენასაც თანდათან იბრუნებენ და ცდილობენ, არათუ არ გაწყვიტონ ძაფი სამშობლოსთან, ჯაჭვადაც აქციონ იგი.
ფიქრები საქართველოზე, 45 წლის ასაკში ნასწავლი მშობლიური ენა და თითქმის ზეპირად შესწავლილი “ვეფხისტაყაოსანი” – “ქართული კვირა” თურქეთის შოთა რუსთაველის ცენტრის დამფუძნებელს, ორჰან ბერიძეს ესაუბრა.
_ როგორც ვიცი, თქვენი წინაპრები დიდი ხნის წინ წასულან საქართველოდან. მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდნენ ისინი თურქეთში?
ჩემი წინაპრები ოსმალეთის ომის შემდეგ დროს 1890-იან წლებში აჭარიდან, ქედის რაიონ სოფელ წონიარისიდან თურქეთის შავიზღვისპირა მხარეში, ქალაქ გირესუნში გადასახლებულან. მამაჩემამდე ჩვენმა წინაპრებმა ქართული არ იცოდნენ. პირველს სწორედ მას უსწავლია თურქული 15 წლის ასაკში. თავიდან სოფელში ვცხოვრობდით, შემდეგ – ქალაქ გირესუნში გადავედით და 25 წლის ასაკიდან ოჯახთან ერთად სტამბოლში ვცხოვრობ – ტყუპი ქალიშვილები და ერთი ბიჭი მყავს. მე დედა თურქი მყავს და ამიტომაც რამდენიმე ყოფითი სიტყვის გარდა, ქართული არ ვიცოდი. 2006 წელს სტამბოლში, საკვირაო გაკვეთილებზე ვისწავლე დედასავით საყვარელი ჩემი მშობლიური ენა.
_ როგორია თურქეთში ქართველი ოჯახის ცხოვრება? თუ არის შემორჩენილი ქართული ტრადიციები და ენა?
_ ბოლო ათწლეულებამდე ქართველები ძირითადად პატარა ქალაქებში ან სოფლებში ცხოვრობდნენ, სადაც უფრო მარტივად ინარჩუნებდნენ ენასა და კულტურას. ბოლო წლებში ქართული კულტურაც, სხვა კულტურებივით, ნელ-ნელა შეერწყა თურქულს. სწორედ ამიტომ დავაარსეთ ქართული ასოციაცია. პირადად მე სტამბოლში შოთა რუსთაველი ცენტრი დავაფუძნე, სალომე ბარამიძესთან ერთად. აქაური ქართველები ერთად ვაკეთებთ ქართულ საქმეს, გვაქვს საკვირაო კურსები, აღვნიშნავთ დედაენისა და საქართველო დამოუკიდებლობის დღეებს.
შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრში გვაქვს ქართული ბიბლიოთეკა, რომელშიც 30 ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარები ინახება და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს ვეფხისტყაოსნის ხელით გადაწერის პროცესი. ამ ყველაფერში ისტორიულ საქართველოში, ჰერეთის მხარეში მცხოვრები ქართველებიც იღებენ მონაწილეობას.
მე ვეფხისტყაოსნის ბევრი მონაკვეთი ზეპირად ვიცი და განსაკუთრებული სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე ქართულ ღონისძიებებზე.
_ როგორ შეინარჩუნეთ ქართული გვარი ? ხშირად ემიგრაციაში მყოფი ქართველები იცვლიან გვარს და ადგილობრივ გვარებზე გადადიან. თქვენ რატომ არ მოიქეცით ასე?
„…ბერიძეთა აღვადგინე ჯიში…“ ჩემი მეორედ დაბადების, გვარის დაბრუნების თარიღია 23.05.2017 წ.
გვარი სასამართლო დადგენილებით აღმიდგინეს იმ არგუმენტების საფუძველზე, რომელიც ჩემთვის ადვოკატმა სალომე ბარამიძემ შეკრიბა. სიმართლე გითხრათ, სასამართლო პროცესი არ მახსოვს, იმდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის – აცრემლებული თვალებით ველოდი, როდის გამოაცხადებდა მოსამართლე ჩემთვის ამ ნანატრ სიტყვებს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ისტორიას ვწერდი.
“ქალაქ გირესუნის ბულანჯაღის რაიონის სოფელ დამუდერეში რეგისტრირებულ ორჰან შარდაღის ეთქვას თანხმობა გვარის „ბ ე რ ი ძ ე დ” შეცვლაზე” – ასე დასრულდა პროცესი. გადაწყვეტილების გამოცხადების დროც კი მახსოვს – ზუსტად 11:40 იყო. მეგონა, მეორედ დავიბადე და წინაპრები გავაცოცხლე. კიდევ ერთხელ გადავუხდი ქალბატონ სალომეს მადლობას მხარდაჭერისათვის. მას შემდეგ სალომე ბარამიძე რამდენიმე ქართველს სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარა გვარის დაბრუნებაში.
ქართველმა პოეტმა ქალმა, ნათია ჯიმშელეიშვილმა ჩემთვის ამ მნიშვნელოვან დღეზე ლექსი დამიწერა, რომელსაც ხშირად ვკითხულობდი სხვადასხვა კონფერენციებსა თუ ტელევიზიებში.
ერთ დღეს მას მივწერე – „ახლა სულ ცრემლიანი ვარ, მინდა, ერთი სურვილი გაგანდო, შენ, როგორც ჩემი უახლოესი მეგობარი შემისრულებ თუ არა ჩემს სანუკვარ სურვილს? მე საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მხოლოდ შენ მინდა, რომ ეს გააკეთო. თუ მე შენზე ადრე გარდავიცვლები, საქართველოდან ერთი მუჭა მიწა წამოიღე და გულზე დამაყარე, მე ამას აუცილებლად ვიგრძნობ.“
_ რა დამოკიდებულება იყო თქვენს ოჯახში საქართველოს მიმართ – ხომ არ გახსოვთ, როგორ იხსენებდნენ საქართველოს უფროსი თაობის ადამიანები?
_ ქართულ სოფელში მამასთან ერთად ვიზრდებოდი, ყველაფერს მიყვებოდა საქართველოს შესახებ. როცა მეზობლებთან ქართულად საუბრობდა, მე არაფერი მესმოდა. მხოლოდ 2006 წელს, 45 წლის ასაკში გადავწყვიტე ქართულის სწავლა.
პირველი, რაც გავაკეთე საქართველოდან წამოსული ბაბუისადმი მიძღვნილი წერილი იყო:
„დიდად პატივცემულო ბაბუის ბაბუავ! მე შენი შვილიშვილი ვარ და მე ქართული ვისწავლე. მამაჩემი ბავშვობაში სულ ქართულად მესაუბრებოდა, ოღონდ მე არ მესმოდა. ახლა მამას საფლავზე მივდივარ და მასთან ქართულად დალაპარაკება შემიძლია.“
მამის საფლავზე რომ მივედი, ვუთხარი შენზე გამართული, გრამატიკული ქართული ვისწავლე-მეთქი. მინდოდა, მქონოდა შესაძლებლობა, 1 საათით მაინც მესაუბრა მასთან ქართულად.
_ რა ადგილი ეკავა თქვენს ცხოვრებაში საქართველოს მანამ, სანამ ქართულის სწავლას დაიწყებდით?
_ პატარა ისტორიას მოგიყვებით ამაზე – როცა ქართულს ვსწავლობდი ქალბატონ მანანა გურგენიძესთან დედაენით გავდიოდით პროგრამას. მომდევნო ასო „ხ“ უნდა ყოფილიყო, ძალიან გამიჭირდა წარმოთქმა და სწავლა. სიტყვებით დავიწყე ვარჯიში – სიტყვა „თოხი“ რომ წავიკითხე, გამახსენდა, ჩემს სოფელში რომ იტყოდნენ ქართულად – “თოხი ამეიტაიო“. ამ სიტყვამ წარსულში წამიყვანა და ამატირა. ზოგადად, არ ვტირი. შეიძლება ითქვას ცივი ადამიანი ვარ, მაგრამ ამ ერთ სიტყვაზე ვიტირე – იმიტომ, რომ ძალიან ღრმად, ბავშვობის მოგონებებში იყო ცემში ქართული ენა და საქართველო.
_ როდის და რატომ გადაწყვიტეთ ქართული ენის შესწავლა?
_ თქვენ რატომაც გადაწყვიტეთ, მეც იმიტომ – რადგან ქართველი ვარ და ეს ქართველობაა ჩემი ქოლგა, რომელსაც თავი უნდა შევაფარო.
_ რას საქმიანობთ ახლა თურქეთში ? როგორც ვიცი მჭიდრო კავშირი გაქვთ შოთა რუსთაველის ცენტრთან, მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობისა და ცხოვრების შესახებ…
_ ქართულის შესწავლა რომ დავიწყე ქალბატონ მანანა გურგენიძესთან, რომელიც არამარტო ენას, ქართულ კულტურასაც გვაზიარებდა, მან რუსთაველის შესახებ პატარა თემა დაგვიწერა და ვეფხისტყაოსნის დასაწყისიდან ერთი სტროფი წაგვაკითხა. მე ჩუმად ზეპირად ვისწავლე ეს სტროფი და თანდათან შემიყვარდა „ვეფხისტყაოსანი“.
ერთხელ, ბათუმში ვიყავი სტუმრად. საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის პრეზიდენტთან, ქალბატონ შორენა ლომაძესთან. საუბრის დროს, ქალბატონმა შორენამ მკითხა, რუსთაველის სახელობის ასოციაციის დაფუძნებას ხომ არ აპირებთო. ასე ნახევრად ხუმრობით ვსაუბრობდით. ერთი თურქული ანდაზაა „ხუმრობის ნახევარი ჭერშმარიტებააო!“ დრო მოვიდა, სასწაული მოხდა და სტამბოლში დავაფუძნეთ „შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრი“!
_ სოციალურ ქსელში ხშირად წერთ საქართველოსთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს – რომელია თქვენი საუკეთესო მოგონება ჩვენი ქვეყნის შესახებ?
_ “პირველად საქართველოში” – ეს იყო 2009 წლის 23 აპრილს. პირველად მივდიოდი საქართველოში. ღამე თეთრად დამათენდა, ძალიან ვღელავდი… ვფიქრობდი ჩემს წინაპრებზე, რომლებმაც მიწაში ჩაიტანეს სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული, მისი მონატრება, მასთან შეხვედრის სურვილი და მე, მეოთხე თაობა -პირველად უნდა შევხვედროდი სამშობლოს. 135 წლის შემდეგ, პირველად ვუყურებდი აეროპორტიდან ჩემს მიწა-წყალს. ცრემლიანი ვათვალიერებდი ყველაფერს… კონტროლის წითელ ხაზზე რიგში ვიდექი, რეალობის აღარ მჯეროდა … თავი სიზმარში მეგონა.. . ჩემი რიგიც დადგა. პოლიციელ ქალბატონს პასპორტი მივაწოდე და ჩემი გატეხილი ქართულით დავიწყე:
-„გამარჯობა! მე ქართველი ვარ, პირველად მოვდივარ საუკუნე-ნახევრის მერე სამშობლოში. ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ. ცრემლი ღვარად ჩამომდიოდა, პოლიციელიც ატირდა.
ჩამირტყა ბეჭედი და გავიგონე სიტყვები, რომელსაც მთელი საუკუნე მოუთმენლად ველოდი: „მობრძანდი შენს დედა- სამშობლოშიო!“
_ რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო და ქართული ენა ?
_ ქართველობა ჩვენი ქოლგაა -ჩვენი ბედისა და ისტორიის წყალობით, ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დავიბადეთ და სხვადასხვა კულტურების წიაღში გავიზარდეთ; შესაბამისად, სხვადასხვა მენტალიტეტის მატარებლები ვართ. ესეც ნორმალურია.
რას გეუბნებით – ჩვენ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად ტოლერანტული უნდა ვიყოთ და ერთმანეთს პატივი ვცეთ. თურქეთში მცხოვრები ქართველები მუდმივად თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ქართველ და-ძმებთან ერთად გვახარებს მიღწეული წარმატებები და გულს გვტკენს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები.
_ რას ისურვებდით ჩვენი ქვეყნისათვის?
_ მერე რა, თუ თქვენი ცა ჩვენგან შორს არის! – ძლიერ და ფეხზე მყარად მდგარ საქართველოს ვნატრობ ყოველთვის.
ავტორი: თამუნა ზარანდია