ქართველ მხატვარს, ლევან ცუცქირიძეს 12 იანვარს 94 წელი შეუსრულდა. მხატვრის დაბადების დღესთან დაკავშირებით ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მის სოლო გამოფენას მასპინძლობს.
ექსპოზიცია აერთიანებს მხატვრის უახლესი და ძველი პერიოდის ნამუშევრებს. წარმოდგენილი ნამუშევრების ნაწილი ბოლო პერიოდშია შექმნილი.
მხატვრის ინდივიდუალური სტილი ქართული კულტურის იდენტობას ქმნის. კომპოზიციაში უმთავრესად განყენებულია დრო, სივრცე. დროის მიღმა არსებული სცენები ეხმაურება შუა საუკუნეების მონუმენტურ მხატვრობას, რითიც იქმნება სუბიექტურად გააზრებული ერთგვარი არქაიკა.
1960-იანი წლებიდან დღემდე მხატვრის ხელწერა ზომიერი ქრომატულობით და სახვითი ტემპერამენტით თავის თავში მოიცავს ფეოდალური კედლის მხატვრობისა და ფორმალისტური ნიშნების ეკლექტურ სინთეზს.
1960-იან წლებში ლევან ცუცქირიძე, მისი თანამედროვე მხატვრებისგან განსხვავებით, გააზრებულად იწყებს გაყალბებული ქართული ცნობიერების გადაფასებას და კიდევ უფრო ინდივიდუალური სტილი შემოაქვს.
ლევან ცუცქირიძის ახალი თემატიკა – რელიგია, ფოლკლორი, ეთნოგრაფია, ლიტერატურული ძეგლები და ისტორია, როგორც ეროვნული მეხსიერების მთავარი ფორმები ემსახურებოდა ქართული ხელოვნების გამოცოცხლებას.
სოცრეალისტური და, ამავდროულად, ევროპული ტენდენციების უკუგდება ლევან ცუცქირიძის გულწრფელ არტისტულ ბუნებასა და ეროვნულ მსოფლმხედველობაზე მეტყველებს.
მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოები თბომავალს „შოთა რუსთაველი“ და ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობას ამშვენებს.
ცუცქირიძის მიერ შესრულებულია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფრესკების საავტორო პირები, რასაც მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ ფრესკების ნაწილი განადგურებულია. 1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ „არსი“ 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული „წმინდა ოთხთავი“.
2016 წლის 12 იანვარს ლევან ცუცქირიძეს, 90 წლის იუბილეზე, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა.