Arty-ფართის ბავშვებმა საახალწლოდ პედაგოგების დახმარებით თავიანთი საყვარელი გმირების თოჯინები დაამზადეს, შემდეგ მუსიკაც თავად შეურჩიეს და საახალწლო წარმოდგენაც გამართეს.
Arty-ფართი შემოქმედებით – შემეცნებითი სტუდიაა, სადაც სახალისო ფორმით, თოჯინური თეატრის საშუალებით, არტთერაპიის ელემენტების გამოყენებით ბავშვები მსოფლიო ცივილიზაციის და კულტურის საფუძვლებსა და თავისებურებებს ეცნობიან.
თოჯინური თეატრის სინთეზური ბუნება საშუალებას იძლევა, ბავშვები თავად ჩაერთონ მრავალმხრივ შემოქმედებით პროცესში, რაც მოიცავს ხატვას, ძერწვას, თოჯინების დამზადებას, შემოქმედებით წერას, მუსიკას, ქორეოგრაფიას, სცენურ მეტყველებას და სხვა.
“ჩვენი სურვილია: შემოქმედი, და არა მომხმარებელი პიროვნების აღზრდა; მხატვრულ – ესტეთიკური აღქმის, გემოვნების, ანალიტური აზროვნების, თვითგამოხატვისა და გაზიარების უნარების გამომუშავება, ბავშვების ემოციური სფეროს გაფაქიზება და გაკეთილშობილება.” – აღნიშნა მაკა ჩხაიძემ “ქართულ კვირასთან” საუბარში.