პროფესორმა თამარ ბელქანიამ თავისი მოგონება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და ვფიქრობთ, რომ ეს თითოეულმა თქვენგანმა უნდა წაიკითხოს.
თავად ეს დღეც სასწაული იყო და თან პირველად ვნახე საქართველო უცხოეთში. ვნახე როგორ ინარჩუნებენ ქართველობას იქ, სადაც ეს სულაც არაა მარტივი და როგორ უფრთხილდებიან ყველაფერ ქართულს.
მთელი თურქეთიდან იყვნენ მანქანებით, ავტობუსებით, სამარშუტო ტაქსებით, ჩამოსული ადამიანები ოჯახებით, ნაწილს ეროვნული ქართული სამოსი ეცვა და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაწილი ქართულად ვერ საუბრობდა, სამი წლის ბავშვმაც იცოდა, რომ ის ქართველია.
იყო ქართული სიმღერები, ქართული ცეკვები – საოცარი ჯეირანით და ჯეირნის ქართული ცის გამჭირვალე ფერის ქსოვილმა, თითქოს, მონუსხა ერთ მუშტად შეკრული ქართველობა თურქეთში და პირველად ვიფიქრე, რომ ფერსაც აქვს ეროვნულობა.
მთის კალთაზე გვერდით ლაზი ბიჭი მეჯდა და სწორედ ჯეირანზე ვსაუბრობდით, ცოტა ხნის მერე მკითხა ლაზურით რატომ დაინტერესდითო და ვუთხარი, რომ ეს მეგრულია. გაეღიმა, როცა ვუთხარი, ჯეირანისფერი ქართული მგონიათქო.
გულიდან ლამაზად დაკეცილი ქსოვილი ამოიღო, გახსნა როგორც მასპინძელს უხსნიან გულს და როცა სრულად გამოჩნდა თეთრ ფონზე ხუთივე წითელი ჯვარი, ამომხედა და მითხრა, „იცით ამ დროშას მკურნალობა შეუძლია და როცა შორს მივდივარ თან მიმაქვს, როგორც თილისმაო“. ხოდა მაშინ მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, ან ვისზე ლოცულობ – ორივეს ეს ლამაზი დროშა გვაერთიანებს.
აღარ მახსოვს იმ ლაზს რა ერქვა მაგრამ მივხვდი რა ჰქვია ერთობას.
მას მერე სადაც ჰაერში საქართველოს მოფრიალე დროშას ვხედავ ის ლაზი მახსენდება.
პ.ს. იმ სცენაზე, სადაც ჯეირანი იცეკვეს, მეც მომიწია ასვლა. სცენის საფეხურებზე ფეხები მიკანკალებდა. რომ გადავხედე საქართველოს დროშების ტალღას მივხვდი, რომ სწორედ ის მაძლევდა მუხტს, ძალასა და თავდაჯერებას და ენერგიას! იქ შემიყვარდა ჩემი სახელმწიფოს დროშა.”