10 იანვარს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზურაბ გურულის ახალ წიგნს – „ვართ და არცა ვართ“ – წარადგენენ.
“ძვირფასო მეგობრებო,
პარასკევს, 10 ინვარს, საღამოს 7 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში შედგება ჩემი ახალი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ერთგვარად შეკრავს და დაასრულებს ტრილოგიას, რომელიც დაიწყო რომანით “სპილო წყვდიადში” და გაგრძელდა ედგარ პოს შავი მისტიკით.
რუმი იყო სულის მაძიებელთა უნივერსალური “თარჯიმანი”, აღრეულ მისტერიათა მომრიგებელი, მეგზური და მრჩეველი.
რელიგიური ლიდერიცაა რუმი, მოძღვარიც, ღვთისმოშიშიც და უდიდესი მკრეხელიც. ჰიჯაბის მიღმა მიმალულ სრულიად შიშველ სხეულს ჰგავს რუმის ლექსების სექსუალურობა. გარედან შავი, გაუმჭვირვალე ფარდა აქვს ჩამოფარებული და ვერცერთი ფანატიკოსი შეედავება, მაგრამ მის მიღმა ისეთი ცხელი ვნება დუღს, სიმხურვალე სახეს აულეწავს ახლოს მისულ ცნობისმოყვარეს.
უზენაესი სრულყოფილება, ყველა კითხვის პასუხი ღმერთი თავად ადამიანში იპოვა რუმიმ. ადამიანის ტვინი ხომ ზუსტად ემთხვევა გალაქტიკის პარამეტრებს და შესაბამისად, საკმარისია საკუთარ გონებაში მოგზაურობა შევძლოთ, რომ სრულებითაც აღარ გახდება საჭირო რაკეტებით სივრცეში გასვლა. სამყაროს შესაცნობად საკმარისი იქნება ფიქრით გავაქროთ დროისა და სივრცის შეგრძნება.
სამყაროსავით უსასრულოა თავად რუმიც და ეს პატარა კრებული მხოლოდ მცდელობაა მისი სამანების მოჩხრეკისა. იმედი მაქვს, მკითხველიც სიამოვნებით აედევნება მოხეტიალე დერვიშთა ლანდების ქარავანს და ჩაიძირება სუფიათა ზიქრის თავბრუდამხვევ ექსტაზში.
თუკი დრო და ხალისი გექნებათ რუმის მისტერიებში სახეტიალოდ, გელით”- წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული.
დასწრება თავისუფალია!