მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია თითქმის ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. საქართველოში კი ქრისტეშობის დღესასწაულს ყველა კუთხეში განსხვავებულად და განსაკუთრებულად ხვდებიან. ტრადიციების ნაწილი, რასაკვირველია, შეიცვალა ან სულაც დაიკარგა, სხვები კი დღემდე ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად რჩება. “ქართულმა კვირამ” გასული საუკუნის გაზეთებიდან შობის აღნიშვნის იმდროინდელი ტრადიციები შეკრიბა. პირველი ამბავი სამეგრელოდანაა – “შობის სურათები, სამეგრელო” ასე ერქვა წერილს, რომლიც 1898 წლის 25 დეკემბერს “ივერიაში” დაიბეჭდა.
“ბრწყინვალე დღესასწაულს, შობას დიდის სიხარულით ელოდებიან მეგრელები, განსაკუთრებით გლეხ-კაცობა, მტკიცედ ინახავენ მარხვას და რაღა საკვირველია, რომ კაცი სიხარულით ელოდებოდეს შობას მაცხოვრისას. ყველაზე მეტი გარდასახადი ამ დღესასწაულზე ღორებს ერთმევათ. ძნელად მოიპოვება ისეთი ღარიბი მეგრელი, რომ ერთ ძოკს მაინც არ ასუქებდეს, რათა იმისი ქონით შობა დღეს უკვაშები გაიბრწყინვალოს. ძნელია იმისი აღწერა, რა სიხარულით ეგებებიან გლეხის ოჯახის ყველა წევრნი შობა. ყველაზე მეტად მოხარულნი, ჩვეულებრივ, ბაღნები არიან. უფროსნი, რომელთაც ოჯახის ავ-კარგი აწევთ კისერზედ, უფრო დაფიქრებით და დინჯად უხვდებიან ამ დღესასწაულს, მაგრამ ტანჯულ შუბლს ქვეშ მაინც მხიარულს თვალებს შენიშნავთ… დიახ უხარია ამ ტანჯულს სახესაც და ეს სიხარული საერთო “სიხარულით” გამოწვეულია.
დღესასწაული ახლოვდება თუ არა, ყველა ემზადება: ზოგს გასაყიდი რამ მიჰყავს ქალაქში, ზოგს მიაქვს ღვინო თუ სხვა რამე. ჰკითხულობენ, რა ძვირია, რა იეფი, ბოქაული რასა სჯავრობს, ინდოური როგორ იყიდება და სხვ. ვისაც რა ეინტერესება და რისი ძალა შესწევს. დადგება შობია წინა დღე და ჟივილ-ხივილი, ბავშვების მხიარული ლაპარაკი გაისმის… შეუდგებიან დანის ლესვას. ღორებს რაღაცა სხვანაირი ხმა აქვთ, თითქოს უგრძვნიათ, რომ უკანასკნელი დღე დაუდგათ…”