ალბათ ყველა თქვენგანისათვის ერთხელ მაინც უთხოვიათ საყვარელი ფერის დასახელება – ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრს ამბობს თქვენი პიროვნების შესახებ. მეცნიერების მოსაზრებით, ადამიანების უმეტესობა უპირატესობას რომელიმე 2 ფერს ანიჭებს, ეს ის ფერებია, რომლებსაც ტანსაცმლის, ავტომობილის ან საღებავის შერჩევისას იღებთ.
ადამიანების გარკვეულ ნაწილს კი კონკრეტული ფერების მიმართ განსაკუთრებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. ერთი შეხედვით, რთული სათქმელია, რა იწვევს ჩვენს ემოციებს ფერებთან ურთიერთობისას,თუმცა, როგორც მეცნიერები თანხმდებიან, მთავარი ფაქტორი ასოციაცია უნდა იყოს – საკუთარი ან სხვისი მოგონება რომელიც კონკრეტულ ფერთანაა კავშირში. სწორედ ჩვენი მოგონებისა და ემოციების გამო შეიძლება იქცეს ერთი შეხედვით სასიამოვნო მწვანე ფერის სივრცე ძალზე დისკომფორტულად და პირიქით, სხვებისათვის წარმოუდგენელმა შავმა კედელმა ჩვენი ოჯახური იდილია შექმნას. რა თქმა უნდა, ფერებისადმი დამოკიდებულება ინდივიდუალურია, თუმცა გარკვეული ტენდენციების გამოკვეთა – მაინც შესაძლებელი. ფსიქოლოგებმა მათი ზოგადი დახასიათება შეიმუშავეს – ეს რეკომენდაციები საშუალებას მოგცემთ სწორად შეარჩიოთ ფერები ინტერიერის, ავეჯისა თუ ტანისამოსისათვის.
სწორად შერჩეულმა ფერმა შეიძლება ხაზი გაუსვას სასურველ დეტალებს, ხოლო პირიქით – არასწორმა ფერთა კომბინაციამ ამოუხსნელი დისკომფორტი შეგიქმნათ.
თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ კითხვაზე რომელია მისი საყვარელი ფერი – ადამიანთა ყველაზე მცირე რაოდენობა პასუხობს თეთრს – ფსიქოლოგების ვერსიით, ამაში “დამნაშავე” თეთრის ინფანტილურობაა, იგი ან ემოციებს ვერ აღძრავს, ან თუ აღძრავს – ეს ემოციები ძალზე სუსტია. საპირისპიროდ, ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი გარდერობისათვის თეთრს ირჩევს, მისი უდავო ელეგანტურობის გამო.
რაც შეეხება ინტერიერში თეთრის გამოყენებას, დიდი რაოდენობით თეთრი ფერი სიცივის შეგრძნებას ქმნის და საცხოვრებელ სახლებში რეკომენდებული არაა. იგი აუცილებლად უნდა განეიტრალდეს მეტად “ენერგიული” და თბილი ფერით.
“შავი მოდა” ინტერიერში 2020 წლისათვის დაგვიბრუნდება – რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო სივრცეებში მისი გამოყენება მკვეთრად გააქტიურდება, თუმცა, დიზაინერების რჩევით, მსგავს ოთახებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შორ ხედზე გამავალი ფანჯრები, რათა პერიოდულად გონება განიტვირთოს.
ამ ფერის ტანისამოსს შეუძლია ადამიანი ცნობისმოყვარეობით განაწყოს და დადებითი შეხედულებების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ინტერიერში კი ყვითელი და მისი ტონები, თბილი ბუნების გამო, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ფერია.
როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ადამიანი, რომელსაც ლურჯი ფერი უყვარს, მოკრძალებული და მელანქოლიკია. ავადმყოფობისა და გადაღლილობის დროს ლურჯი ფერისადმი მოთხოვნა იზრდება, სწორედ ამიტომ საავადმყოფოებისა და სხვადასხვა დასასვენებელი სივრცისათვის ლურჯი ინტერიერი ზედგამოჭრილია.
რაც შეეხება ინტერიერში მწვანე ფერის გამოყენებას, აქ ზომიერება მთავარ როლს თამაშობს – რამდენადაც დამამშვიდებელია მწვანე, იმდენად გამაღიზიანებელი შეიძლება გახდეს იგი სიჭარბის შემთხვევაში.
რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი", კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ენდობიან.