მე-19 საუკუნის უნიკალური მხატვრობა, პეიზაჟები, პორტრეტები… თბილისური სადარბაზოები

სადარბაზოები თბილისში 1850 – 60- იანი წლების შემდგომ  ახალი ტიპის „ფეშენებელურ“ სახლებთან ერთად გაჩნდა და ის სახლის მეპატრონეთა ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ის მდიდრულად იყო მორთული, სპეციალურად გაფორმებული ვესტიბიულით, იატაკზე წარწერით SALVE,  დეკორატიული ნაძერწობით, მოზაიკით, ცხაურებით, სალონური ხასიათის ნაირფერი მხატვრობით, ვიტრაჟებითაც…

თბილისური სადარბაზოების მოხატვაზე, ძირითადად, ევროპელი მხატვრები მუშაობდნენ და ზედმიწევნით იმეორებდნენ დასავლურ გამოცდილებას.

რამდენიმე თბილისურმა სადარბაზომ უცხოელი დეკორატორი – მხატვრის ხელმოწერაც შემოგვინახა. მაგალითად, ბენო ტელინგატერი თბილისური სახლებისა და ბაქოს თეატრების დეკორატორად მუშაობდა. მას მოუხატავს სეილანოვების სახლი გ. ტაბიძის N18-ში და დავით აღმაშენებლის N93-ში მდებარე სახლის სადარბაზო.

გალაკტიონ ტაბიძის N18-ში მდებარე სახლის (1911 წელს აშენებული) სადარბაზო დღეს თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. სახლი თამბაქოს მწარმოებლების – ძმები სეილანოვების საკუთრება იყო.

სეილანოვების სახლის სადარბაზოს გარდა, ტელინგატერს ეკუთვნის აღმაშენებლის 93 ნომერში მდებარე სახლის სადარბაზოს მოხატულობაც. ორივე სადარბაზო მსგავსია  სიუჟეტური და დეკორატიული მოტივებით.

გადმოცემის თანახმად, ბენო ტელინგატერს ეკუთვნის აგრეთვე „ჩინური დარბაზისა“ და „გერმანული ოთახის“ მოხატულობა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.