ცნობილი ქათველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი მელიტობ ბალანჩივაძე სოფელ ბანოჯაში დაიბადა.
ბრწყინვალე ხმისა და სმენის წყალობით ის იოლად ითვისებდა და მღეროდა ხალხურ სიმღერებს. მას ხშირად ესმოდა გიტარის თანხლებით შესრულებული ქალაქური სიმღერები და რომანსები და დრო რომ გავიდა მელიტონმა თავად დაუდო დასაბამი ქართულ რომანსს… მისი სამი რომანსი “როდესაც გიცქერ’’, ’შენ გეტრფი მარად’’ და ‘’ნანა, შვილო’’ – ქართული კამერული ვოკალური ლირიკის პირველი ნიმუშებია…
1875 წელს მელიტონი საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნდში ჩაირიცხა. გუნდის ხელმძღვანელმა კუშეკმა მას მუსიკის თეორია შეასწავლა და თავის თანაშემწედ დანიშნა, ხოლო 1880 წლიდან იგი ფილიმონ ქორიძემ მიიწვია თბილისის ოპერის თეატრის გუნდში და მალე სოლო პარტიებიც იმღერა ოპერებში: “ევგენი ონეგინი“ ( ზარეცკი) და “ფაუსტი“(ვალენინი).
1882 წელს მელიტონ ბალანჩივაძემ ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი, რომელმაც 1883 წელს თბილისში კონცერტი გამართა. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული ხალხური სიმღერების საჯაროს შესრულებისა, რასაც დიდი კულტურულ – ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა.
სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში ჯერ ვოკალის განხრით (პროფ. სამუსთან), შემდეგ კი, კონსერვატორიის დირექტორის შტეინის რჩევით კომპოზიციის კლასში გადავიდა ნ. რიმსკი–კორსაკოვთან.
რუსეთში 28 წლის მანძილზე მოღვაწეობდა და პროპაგანდას უწევდა ქართულ მუსიკას. გამოდიოდა როგორც ლოტბარი და მომღერალი. აქ დაწერა ოპერა “თამარ ცბიერი“. ასევე მონაწილეობა მიიღო რუბინშტეინის ოპერა ,,დემონის“ ქართულ ენაზე დადგმაში.
1917 წელს მელიტონ ბალანჩივაძე საქართველოში დაბრუნდა. აირჩიეს საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარედ, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც დღესაც მის სახელს ატარებს.
იგი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის ჩამოყალიბებაში და ხალხური სიმღერის გუნდების დაარსებაში, ხელმძღვანელობდა ხალხური მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისიას, მეთაურობდა სახალხო განათლების სამუსიკო განყოფილებას.
პირველი ქართული რომანსებისა და ოპერის ავტორი, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა 1937 წელს… დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.